მამუკა მდინარაძე: „ნაცაქტივისტებს“ არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ

„ნაცაქტივისტებს“ არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოზნერი საქართველოში ჩამოსული იყო ტურისტული ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტით და კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით და მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები.

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის – პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ოპოზიციამ მთავარ სპიკერად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გიორგი კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან ორ თვეში.

დასაფიქრებელია ასევე რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანია;

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, „კაგებეს“ სამჭედლოში, „მგიმოში“ გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე ფეესბეს რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!

თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს“, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები