დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა
დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს, ხოლო ფინალურ ეტაპზე მათ შესაბამის თემატურ კითხვებს უპასუხეს.
“კონკურსმა მონაწილე ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა გაეფართოებინათ ცოდნა, განევითარებინათ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება, გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები და საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად წარმოჩენის გამოცდილება მიეღოთ.
კონკურსის გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, სერტიფიკატები და წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერები. ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფინალში გასულ სამივე გუნდს დაუფინანსებს შემეცნებით ექსკურსიას.
პროექტი ქედლების საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ხულოს რესურსცენტრისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა,”- წერია ინფორმაციაში.
