“ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 640 ბავშვი გამოცხადდა”

პირველი მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აღდგა. ბაღებმა მუშაობა განაახლეს გურიაშიც. ოზურგეთში, სასწავლო პროცესი 44 ბაღიდან, მხოლოდ ერთ ბაღში არ განახლდა, სოფელ მზიანის საბავშვო ბაღში რემონტის გამო სააღმზრდელო პროცესი ხუთშაბათს აღდგება.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი, მაკა ჭყონია “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, ამ დროისთვის ბაღებში ჯამში 640 ბავშვი გამოცხადდა.

“სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა საბავშვო ბაღებში, ოზურგეთში ყველა საბავშვო ბაღში, გარდა ერთისა, სწავლა განახლდა. სოფელ მზიანის საბავშვო ბაღში ხუთშაბათისთვის განახლდება, ბაღში კაპიტალური რემონტი ჩატარდა, დასრულებულია, მზად არის და მიმდინარეობს ბაღის განიავების პროცესი.
ბაღის დაწყებამდე ყველა წინასწარი ღონისძიება გატარდა, ყველა ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რეკომენდაციების სრული დაცვით, თერმოსკრინინგით დაიწყო პროცესი. საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელი დატესტილია და არცერთ თანამშრომელს კოვიდი არ დადასტურებია. ისინი ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან.
აქტივობა ნორმალურია, 11-ის ნახევრისთვის 380 ბავშვი იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის უკვე 640 ბავშვია მთლიანობაში მოსული, მთლიანად 44 საბავშვო ბაღში 2404 ბავშვი ირიცხება”, – განაცხადა მაკა ჭყონიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები