თეა წულუკიანი: ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე არ გვქონდა

ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე არ გვქონდა. დღეიდან კი ხელთ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს ამბობს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ აფხაზეთშიც და ე.წ. ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ითქვა, რომ დარღვევები ეხება არამხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევაში 8 აგვისტოდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს.

„ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. ამ საქმეზე არსებითი განხილვა 2013 წლიდან დაიწყო, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ ასეულობით ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ. ამიტომაც მილოცვის შემდეგ მადლობით დავიწყებდი, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან არაერთი საჯარო მოხელე იდგა.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს მომავალ თაობებს ეს დოკუმენტი მოუპოვა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები. ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამხედრო პირი არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა და დადგინდა შესაბამისად ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი.

ამ დოკუმენტში ითქვა, რომ ეს დარღვევები ეხება არა მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევაში 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი 10 აგვისტოდან, ეს ის დროა, როცა ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულები იყვნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის სახელით არის ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები