კოვიდპაციენტებისთვის რუხის კლინიკაში ჟანგბადის 2 გენერატორი დამონტაჟდა

რუხის კლინიკაში ჟანგბადის 2 გენერატორი დამონტაჟდა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას განცხადებით, დანადგარები კოვიდპაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში, ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ჟანგბადის დანადგარები კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

„კოვიდინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა, თითქმის 50% ჟანგბადდამოკიდებულია. სხვა კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად ჟანგბადით უზრუნველყოფა პაციენტების არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რუხის კლინიკის გახსნის დღიდან, ჩვენს პაციენტებს ჟანგბადით უზრუნველყოფის პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ამიტომ ჟანგბადით მომარაგება კლინიკისთვის აუცილებელი გახდა. დღემდე, ორი 4-ტონიანი თხევადი ჟანგბადის ავზით მარაგდებოდა. შემოგვქონდა ჟანგბადი, იტვირთებოდა ჟანგბადის ავზებში და ასე მიეწოდებოდა პაციენტებს. გუშინ, დამონტაჟდა ორი მინი ჟანგბადის ქარხანა, რომელიც 24-საათიანი ჟანგბადის მიწოდების რეჟიმში თითქმის ნახევრად ფარავს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. გადმოგვეცა უსასყიდლოდ ჯანდაცვის სამინისტროსგან. ადგილზე ჟანგბადის მიწოდება და წარმოება უფრო ხელსაყრელი და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ნინო აკობიამ.

დღეის მდგომარეობით, კლინიკაში 150 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 12 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამასთან, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები