87 წლის მარიამი და ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის 40-წლიანი ისტორია

ქსოვა დედისა და ბებიისგან, ბავშვობაში ისწავლა. სკოლაში ახალად მისულმა, საკუთარ თავს ქამარი მოუქსოვა და თანატოლებთან თავიც ამ გზით მოიწონა. მარიამ ზედგინიძეს სოფელში ყველა „მარო ბაბოს“ სახელით იცნობს. წარმოშობით ასპინძის მუნიციპალიტეტიდანაა, თუმცა რამდენიმე ათეული წელია, რაც სოფელ მუსხში დაოჯახდა. თავის ხელსაქმეს არც ოჯახის შექმნის შემდეგ შეელია.
87 წლის მარიამი, 40 წელზე მეტია ხალიჩა-ფარდაგებს ქსოვს. მის ნაშრომებში ხშირად შეამჩნევთ მესხურ ორნამენტებსაც. როგორც თავად „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, მატყლისა და ყაისნაღის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
„ბავშვობიდან ვქსოვ. პატარა ასაკში წინდებსა და ქუდებს ვაკეთებდი. ცოტა რომ გავიზარდე ხალიჩა-ფარდაგებიც დავიწყე. ძალიან რთულია და ბევრ შრომას მოითხოვს. ადრე ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო ხალიჩები, ქსოვაც ყველას უნდა სცოდნოდა. მატყლს კარგად ვრეცხავდით, ვაშრობდით და მერე ვიწყებდით მუშაობას. მზითვებში ატანდნენ ქალებს, მეც მაქვს ასეთი ხალიჩა. ქსოვა არის ხელოვნება, რომელსაც ჩემი ცხოვრება შევალიე და მის გარეშე არაფერი წარმომიდგენია. ბევრი რამის გაკეთება მინდა ახლაც, მაგრამ ჯანმრთელობა აღარ მაძლევს ამის საშუალებას. მინდა დიდხანს ვიცოცხლო, რომ უფრო მეტი შევძლო მომავალი თაობებისთვის“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ მარიამი.

 

ორმოც წლიან შრომას მარო ბებოსთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია. როგორც თავად ამბობს, დროის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მედლითა თუ სიგელით ჯილდოვდებოდა. გარდა ამისა, 2015 წელს მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ოსტატის“ ტიტულიც. “იმედის გმირი”, „შრომის ვეტერანი“, „ღირსების მედალი“, „საპატიო მოქალაქე“ „ცოცხალი საუნჯე“, – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ოსტატის საქმიანობა დაფასდა.
ახალციხიდან, 13 კილომეტრის დაშორებით, სოფელ მუსხში სკოლა-მუზეუმია, რომელსაც მარო ბებო ხელმძღვანელობს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ძველ მესხურ ნივთს ერთად თავმოყრილს ნახავთ, მათ ისტორიებს მოისმენთ, სურვილის შემთხვევაში მატყლის დაჩეჩვაში ან ხალიჩა–ფარდაგის ქსოვაშიც ჩაერთვებით და პარალელურად საინტერესო ისტორიებს მოისმენთ. მარო ბაბო, რომელმაც ხელსაქმე ისტორიად, ბიზნესად, მუზეუმად, ტურისტულ ობიექტად და სასწავლო კერად აქცია, “რეგიონულ კვირას“ თავის განვლილი ცხოვრებაზეც ესაუბრება.

მედეა ლომიძე

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები