„სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი, ახლა უკვე ექვსი ენა ვიცი“ – გზა ევროპიდან რაჭამდე და საოჯახო სასტუმრო ონში

ზურა გუტაშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც დედაქალაქში დაამთავრა და როგორც კი 18 წლის გახდა, პასპორტი გააკეთა, დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო და ემიგრაციაში დიდი გეგმებით წავიდა – სურდა კაპიტალი საკუთარი შრომით დაეგროვებინა.
„ბავშვობიდანვე სურვილი მქონდა, რაღაცისთვის მიმეღწია,რაღაც ჩემი შემექმნა, განზრახვების მოტივაცია კაპიტალის დაბანდება იყო, რომელიც საკუთარი იდეების განსახორციელებლად მჭირდებოდა”, – ამბობს ზურა „რეგიონულ კვირასთან” საუბრისას.
ახალგაზრდა ბიჭი შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში სხვადასხვა სამსახურებში ოფიციალურად მუშაობდა. ბოლოს კი არჩევანი პოლონეთზე შეაჩერა, ტურისტული კომპანია დააარსა, წარმატებულიც იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ბიზნესი მთელს მსოფლიოში გააჩერა.
„ჩემი ტურისტული სააგენტო პოლონეთში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა ტურისტულ სფეროს მიაყენა, ახლა აღარც ფრენები და ტურისტების გადაადგილებაც შეზღუდულია.
ჩემს გულში საქართველო ყოველთვის იყო, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სამშობლოზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა, განსაკუთრებით რაჭაზე მეფიქრებოდა – ადგილზე, სადაც ბავშვობაში ბებია-ბაბუასთან სიხარულით ამოვრბოდი“, – ამბობს ზურა.

პოლონეთში ცხოვრებიდან 11 წლის შემდეგ, 2019 წელს, უცხოელ მეგობრებთან ერთად რაჭაში, ონში წამოვიდა. დასაბინავებლად სასტუმრო დასჭირდათ, ისეთი ვერსად იპოვეს, სადაც გაჩერებას შეძლებდნენ, ახალი ბიზნესიდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა.
ევროპაში დაბრუნებულმა ონელმა ახალგაზრდამ აღმოაჩინა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ონში დაბრუნებაზე მუდმივად ფიქრობდა, უკან დაბრუნების გადაწყვეტილება ისევე სპონტანურად მიიღო, როგორც მაშინ, ევროპისკენ რომ გაემგზავრა. „ეს სახლი ჩემი წინაპრებისაა, დაახლოებით 70 წლის წინანდელი, საოჯახო სასტუმროს კეთება დავიწყე, ჩვენი სოფლები არაჩვეულებრივ საკურორტო ზონაშია, შოვთან და უწერასთან ახლოს, სოფლები უნდა გავაძლიეროთ, სოფელს დიდი პოტენციალი აქვს.
მიწასთან ურთიერთობა პირველად მომიწია, ბოსტანიც დავთესე, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მეზობლებს დავეკითხე. სხვადასხვა აგროჯგუფებში გავწევრიანდი და მშვენივრად გავართვი თავი. ევროპაში ნატურალური პროდუქტი ძალიან ფასობს, ყველაფერი ჩემი მინდა მქონდეს“, – ამბობს ზურა.

ზურა განსაკუთრებული სიამოვნებით იმ დროს იხსენებს, როცა 8 წლის ბიჭი მთიდან თივით დატვირთულ მანქანაზე, თივაზე შემომჯდარი მამას და ბიძას სოფლისკენ მოჰყვებოდა და თან ნატრობდა – აქ რომ ტურისტები ჩამომაყვანინა და ეს სილამაზე მაჩვენებინა, რა კარგი იქნებოდაო. თუმცა მაშინ მისი ოცნებები რეალობად რომ იქცეოდა არავის სჯეროდა. როგორც თავად ამბობს, სკოლაში ყველაზე ცუდი მოსაწავლე იყო, თუმცა ახლა 6 ენას ფლობს და თავისუფლად ლაპარაკობს.
ევროპიდან ონში საცხოვრებლად დაბრუნებულმა ახალგაზრდამ კარგად იცის, რომ ცხოვრებაში პრობლემები და დაბრკოლებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ადამიანისთვის მთავარი მოტივაციის შენარჩუნებაა. გვითხრა, რომ ევროპაში აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ მხოლოდ სამოგზაუროდ და იმ ადგილებს ნახავს, რომელთა ნახვახ ჯერ ვერ მოასწრო.
„ადამიანის წარმატების ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში რა უნდა ზუსტად“, – ამბობს ზურა გუტაშვილი, რომელმაც ევროპაში კომფორტულ ცხოვრებას ონში ცხოვრება ამჯობინა და მამაპაპისეულ ფესვებს დაუბრუნდა.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები