სააღდგომო მხარდაჭერის აქცია სამტრედიაში — 400-ზე მეტ ოჯახს დახმარება გადაეცა
სამტრედიაში სააღდგომო მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სააღდგომო ამანათები და, საჭიროებისამებრ, ფულადი დახმარება. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციაში აქტიურად ჩაერთო კომპანია „ქ მექანიზატორი 2022″, რომელმაც მერიას გადასცა 300 სააღდგომო ამანათი და ამ ფორმით შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სოციალურ ინიციატივას.
კომპანია დაარსდა 2022 წელს და მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, აბაშის სიმინდისგან დამზადებულ ნატურალურ პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას.
მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქალაქში მერის წარმომადგენელ თენგო ცაგურიასა და მერის მოადგილე გია მეიშვილთან ერთად პირადად ესტუმრა ოჯახებს და გადასცა ამანათები.
მერმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგანან პასუხისმგებლობიანი კომპანიები. მადლობა მინდა გადავუხადო ‘ქ მექანიზატორი 2022’-ს მხარდაჭერისთვის. ასეთი ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ოჯახს მივაწოდოთ დახმარება და თანადგომა”,- აღნიშნა მან.
ღონისძიებისას შორენა ღვინიანიძემ მადლიერება გამოხატა მერის მიმართ და აღნიშნა:
„ბატონმა დავითმა მარტო ამანათი კი არა, სახლიც აგვიშენა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა – როცა ასეთ დროს გვერდით გიდგანან, გგონია, რომ არ ხარ მარტო.”
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სოციალური პროექტები სამტრედიაში მომავალშიც გაგრძელდება.