ნინო ლაცაბიძე – რუსთავის ისტორიული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ძალიან მალე ახალი შენობითა და კონცეფციით დაუბრუნდება ქალაქს
რუსთავში, ძველი ქალაქის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობის მშენებლობა, უკვე დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები ტარდება.
პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ.
,,რუსთავის ისტორიული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ძალიან მალე ახალი შენობითა და კონცეფციით დაუბრუნდება ჩვენს ქალაქს. მნიშვნელოვანია, რომ სრულად იქნა შენარჩუნებული ისტორიული შენობის ავთენტურობა. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალგაზრდული ცენტრი ისეთი სერვისებით იყოს დატვირთული, რომელიც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათ წინსვლაზე იქნება სრულად ორიენტირებული “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალი შენობის აშენების აუცილებლობა , ძველი ნაგებობის ავარიულობით იქნა განპირობებული. სასახლე რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში – რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია და იქ არსებული შენობების გამაგრება-რესტავრაციის მეორე ეტაპი, ფაქტობრივად უკვე დასრულებულია.
,,ჩვენი გუნდისთვის არსებული ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ რუსთავში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესს, ძალიან მალე ექსპლუატაციაში შევა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც ძველ რუსთავში მდებარეობს. რუსთავში არ არსებობს თაობა, რომელსაც ამ არაჩვეულებრივ სივრცესთან, რომლის დატვირთვაც სახელოვნებო და არაფორმალური განათლებაა, შეხება არ ჰქონოდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს შევძენთ ახალ ქალაქს დიდი ისტორიით”, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელშიც რუსთველების არაერთი თაობაა გაზრდილი, ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და ახალი შინაარსობრივი კონცეფციით ძალიან მალე დაუბრუნდება ქალაქს.