რუსთავის მერია ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სერვისის რეფორმას აგრძელებს

მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრის” დასუფთავების სამსახურის რეფორმას, რუსთავის მერია მეორე წელია, რაც ახორციელებს.
2022 წელს მუნიციპალიტეტმა ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანები და სპეცტექნიკა შეიძინა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ქალაქის ნაწილის დასუფთავების სერვისს რუსთავის მერია აუთსორსინგის გზით იღებდა, 2022 წლიდან, ქალაქის დასუფთავებას მთლიანად რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვისცენტრი” უზრუნველყოფს.
ქალაქის ქუჩებს, შიდა ეზოებს, სკვერებს, შიდა საუბნო სივრცეებს, ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 20 ჯგუფი, 290 მეეზოვე და 12 ერთეული სპეციალური ტექნიკა ემსახურება. 500 შიდა ეზო და 20-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ყოველდღიურად სუფთავდება.

2022 წლიდან ეტაპობრივად იზრდება დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები, მეეზოვეების შრომითი ანაზღაურება 2023 წლის იანვრიდანაც გაიზარდა.

,,დასუფთავების სერვისის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი, ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯით კიდევ უფრო სუფთა ქალაქის მიღება იყო. უკვე ორი წელია ჩვენ მუნიციპალური სერვისების თითქმის ყველა სფეროში ვატარებთ რეფორმას და ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დავიწყეთ სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფით, გავზარდეთ თანამშრომლების რაოდენობა, რადგან შიდა ეზოების დასუფთავება და ახალი სკვერების ყოველდღიური მოწესრიგება, ტექნიკურის გარდა, ადამიანურ რესურსის გაზრდასაც ითხოვდა. გავზარდეთ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასებიც. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ რუსთავი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ახალი განვითარების ქალაქმა, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რასაც თანამედროვე ქალაქი მოითხოვს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რეფორმა გატარდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის სისტემაშიც და გასული წლიდან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა რუსთაველებს საბანკო ტერმინალების მეშვეობით და ინტერნეტბანკითაც შეუძლიათ.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ დასუფთავების სერვისის რეფორმა, მიმდინარე წელს ახალ ეტაპზე გადავა და შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას შესთავაზებენ რუსთაველებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები