“არასდროს ჩამკვდარა და არც არასდროს ჩაკვდება ქართული სული ამ პატარა ისტორიულ კუთხეში” – ქართველი მოსწავლეები ჰერეთიდან

ჰერეთში ქართველი მოსწავლეები საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან, სადაც მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვებით უნდა წარდგნენ.
ჩვენი კოლეგა აზერბაიჯანიდან, გულნარა ინანჯი, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანის სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, კახში იმყოფებოდა. მან სპეციალურად “კვირასთვის” ჩაწერა ქართველი მოსწავლეები და საახალწლო კონცერტისთვის მზადების პროცესი გადაიღო.

ცოტა ხნის წინ დასრულდა კახის რაიონის კულტურის სახლის რემონტი, სადაც იმართება ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქართველები, ასევე, აზერბაიჯანელები. ეს ხელს უწყობს ქართველების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გაძლიერებას, მათი კულტურების ერთმანეთისთვის წარდგენასა და გაცნობას. კულტურა შესანიშნავი ინსტრუმენტია ურთიერთგაგებისთვის იმ საზოგადოებაში, სადაც ურთიერთპატივისცემაა”, – უთხრა “კვირას” ინანჯიმ.

კახში დაბადებული და გაზრდილი ქეთევან ქიტიაშვილი უკვე წლებია, ქორეოგრაფია და ადგილობრივებს ქართულ ცეკვებს ასწავლის. როგორც ის ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰერეთში ქართული სული, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში წინაპრები უფრთხილდებოდნენ და დღევანდელ დღემდე მოიტანეს, კვლავ იყოს და არ გაქრეს. იმედი აქვს, რომ თავისი საქმიანობით ახალ თაობაში ქართული ისტორიისა და კულტურის სიყვარულს ნერგავს და იმ დიდ საქმეში, რასაც ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება ჰქვია, მცირე წვლილი შეაქვს.

ქიტიაშვილი ამბობს, რომ საახალწლო კონცერტი, სადაც აზერბაიჯანელებთან ერთად ქართველებიც თავის პროგრამას წარადგენენ, ორი კულტურის წარმომადგენელი ადამიანების ერთობლივი თანაცხოვრების წარმატებული მაგალითია.

კახის მეორე სკოლის მოსწავლეები არ მალავენ, რომ სურთ, წარსული დავიწყებას არ მიეცეს და მუდამ ახსოვდეთ, “საიდან მოდიან“.

15 წლის მონიკა ბეროშვილი, თანატოლების მსგავსად, უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს სწავლობს. ამბობს, რომ მისთვის ქართული ცეკვა და კულტურა ლამაზი და საინტერესოა და რომ შესწავლის სურვილი ბავშვობაში მშობლების მოყოლილი ისტორიებიდან გაუჩნდა.
მოსწავლეების ნაწილმა ქართული არ იცის, თუმცა, საუბარი ესმით. ამბობენ, რომ ენობრივი ბარიერი შეუმჩნეველია და რომ ქართული ცეკვა მათი ყველაზე საყვარელი ჰობია.

“არასდროს ჩამკვდარა და დიდი იმედი მაქვს, რომ არც არასდროს ჩაკვდება ამ პატარა ისტორიულ ჰერეთში ქართული სული”, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

ჰერეთში მცხოვრები ქართველები უფრთხილდებიან ქართულ კულტურას, ისტორიას, იდენტობას და ეროვნულ მოტივებზე ზრდიან საკუთარ შვილებსაც. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება, მოსწავლეების იმ ემოციებიდან, რომლებიც მათ საქართველოზე საუბრისას ეუფლებათ. პატრიოტიზმი სხვა რაა, თუ არა უცხო ეთნოსთან თანაცხოვრებისას ზრუნვა, შეინარჩუნო შენი იდენტობა და ქართული სულისკვეთებით აღზარდო მომავალი თაობა, რომელიც არასდროს დაივიწყებს – რა არის “ქართული სული”.

2009 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით (ბოლო მონაცემები), აზერბაიჯანში 9900 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 15 ათასს აღემატება. ქართველები, ძირითადად, კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში ცხოვრობენ, იგივე, ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც 1921 წელს იოსებ სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, ბელექანში ქართველებით დასახლებული ერთი სოფელია დარჩენილი – ითითალა, ზაქათალაში – ალიაბადი და მოსული, კახში – ქალაქი კახი, სოფლები – ქოთოქლო, ალიბეგლო, მეშაბაში, ალათემური, ყარამეშა და ხარაბთალა.

კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში ამჟამად მხოლოდ 7 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰერეთელი ქართველების უმრავლესობა უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში იღებენ. საქართველოს განათლების სამინისტრო მათ სწავლის ღირებულებას წლიურად 2250 ლარით უფინანსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები