“მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო, დეტალურად აღწერს გაუპატიურებისა და ძალადობის ფაქტებს” – რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ხაშურის მონასტერში მომხდარზე

ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში  ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რისთვისაც პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს.

„პროკურატურას მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას.

უშუალოდ ადგილზე სათვალთვალო კამერები არ იყო, თუმცა მათი ყველა გადაადგილება – საიდან სად წავიდნენ, მოპოვებული იქნება“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები