ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა.

პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ორგანიზაცია “ბრიჯი -ინოვაცია და განვითარების” მიერ განხორციელდა.
მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
ყველის შემნახველი სამაცივრე სისტემა ადგილობრივი ფერმერების მიერ, ტრადიციული მეთოდით წარმოებული ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმერების შემოსავალს.

როგორც იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ აღნიშნა, მომავალ წელს კახეთის რეგიონს იაპონელი საკვების წარმოების ექსპერტები ეწვევიან, რათა ადგილობრივ ფერმერებს გაუზიარონ ამ მიმართულებით იაპონური ცოდნა და გამოცდილება.

“იაპონიის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტში გავხსენით მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემა, რომელიც დაეხმარება მცირე ფერმერებს, შეფუთონ და შესაბამის ტემპერატურაზე შეინახონ მათ მიერ ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ყველი, უკეთესი ხარისხისა და უვნებლობისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ კახეთის რეგიონს აქვს დიდი ტრადიცია ღვინის, ყველის და სხვა საკვები პროდუქტების წარმოების. მომავალ წელს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონს ეწვევიან იაპონელი საკვების წარმოების ექსპერტები რათა ადგილობრივ ფერმერებს გაუზიარონ ამ მიმართულებით იაპონური ცოდნა და გამოცდილება”,- განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები