ნინო ლაცაბიძე: ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და რუსთაველებს წყლით მომარაგების პრობლემა არ ჰქონდეთ

რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს მიმართა. 
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მერიამ კომპანია ,,რუსთავის წყალს”, რამდენიმეჯერ მიმართა, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და მოსახლეობას სასმელი წყალი დღესაც არ მიეწოდება.
“რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება და ამას უკვე სისტემატური სახე აქვს. დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ სემეკს და ვთხოვთ არსებული პროცესის დარეგულირებაში, რაც შეიძლება სწრაფ თანადგომას. დაუშვებელია, ის რაც დღეს რუსთავში ხდება, მე მესმის აბსოლუტურად თითოეული რუსთაველის, რომელიც აღშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე იმედი მაქვს, რომ სემეკი უახლოეს დღეებში განიხილავს რუსთავის საკითხს წყალმომარაგების კომპანიასთან მიმართებით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ,,რუსთავის წყლის” წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი.
“ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა განვიცდით და ვნერვიულობთ ყველა იმ დღეს, როდესაც ქალაქში არის წყალმომარაგების შეზღუდვა და მოსახლეობის მხრიდან არის უკმაყოფილება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კერძო კომპანიაა, რა ბერკეტიც გაგვაჩნია, ყველას სრულად გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი არის სწორედ ის, რომ მივმართეთ სემეკს. სემეკმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განიხილოს კომპანიის ქმედება და დასახოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება რუსთავში ეს პრობლემა მოგვარდეს. მე ვერ გეტყვით სემეკი კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა იმედი მაქვს, რომ განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სისტემატურად, 12 და ზოგჯერ 24 საათით არ უნდა ეზღუდებოდეს, განსაკუთრებით ზაფხულის ამ ცხელ დღეებში, როდესაც ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულამდეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები