ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაცია წარმატებით დასრულდა

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის მედიაცია წარმატებით დასრულდა.  აქციის მონაწილეების თქმით, 20 ივნისი გადამწყვეტი თარიღია, როდესაც შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება.

როგორც ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა “კვირას” განუცხადა, შეთანხმება მოხდა კონტრაქტებზე, 2 თვის ხელფასების ჩარიცხვასა და 48 გათავისუფლებული მუშის აღდგენაზე.

“შევთანხმდით 6-თვიან კონტრაქტებზე, 48 გათავისუფლებული დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს, ასევე ნამუშევარი 2 თვის ხელფასები ორშაბათს ჩაირიცხება, ველოდებით ორშაბათს, სიტყვა სიტყვაა და მას დამტკიცება სჭირდება” , – ამბობს გიორგი გელაშვილი.

რაც შეეხება პროფკავშირების პოზიციას, როგორც LABOR-ის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე აცხადებს, ყველაფერი 20 ივნისზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა გაფიცვა. თუმცა დიასამიძე იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი ქარხნის თანამშრომლების სასიკეთოდ დამთავრდება.

პროტესტის ადგილას გაფიცულმა მუშებმა ბანერები უკვე ჩამოხსნეს, ტერიტორია დაასუფთავეს და ამ დროისთვის ადგილზე არავინაა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები