„IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი: მადლობა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეთანხმების შედეგად:

  • მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი ფუნქცია;
  • „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა რვიდან ორ წევრამდე შემცირდება;
  • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS ბორჯომის“ აქციონერები მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, „IDS ბორჯომი“, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.

ცნობისთვის, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „IDS ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის თანამფლობელი“.

შეგახსენებთ, ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომელი მეთოთხმეტე დღეა გაფიცულია. ისინი 49 გათავისუფლებული მუშის აღდგენას, უვადო კონტრაქტებს, 2 თვის ხელფასების ანაზღაურებასა და ხელფასის 25%-ით მატებას ითხოვენ და როგორც თავად გაფიცულები აცხადებენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები