ანდრია გვიდიანი – ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებზე: დასაქმებულებმა კარგად უნდა გაიაზრონ პროტესტის შინაარსიც და აქციების მოსაწყობად შერჩეული დროც

დასაქმებულებმა კარგად უნდა გაიაზრონ პროტესტის შინაარსიც და აქციების მოსაწყობად შერჩეული დროც. ყველამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი ვითარება, – ამის შესახებ ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და კომპანია “აიდიეს ბორჯომის” თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურება.

მისი თქმით, ნებისმიერი პროტესტი სოლიდარობის განცდას იწვევს, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს და რაციონალურად უნდა შევხედოთ.

“მინდა გამოვეხმაურო კომპანია “ბორჯომში” დასაქმებული ადამიანების პროტესტს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროტესტი სოლიდარობის განცდას იწვევს. განსაკუთრებით ისეთი კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროტესტი, რომელიც პრაქტიკულად ქართულ იდენტობასთან არის გაიგივებული. ყველა საკითხს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნულ პროტესტსაც რაციონალურად უნდა შევხედოთ.

პირველი – ბორჯომი არის კომპანია, რომელსაც ყველაზე მწვავედ შეეხო საერთაშორისო სანქციები. შესაბამისად, ანგარიშები გაყინულია, წარმოება და ექსპორტის უდიდესი ნაწილი კი (80 პროცენტამდე), შეჩერებულია. ცხადია, ამ საკითხმა მნიშვნელოვნად დააზარალა კომპანია და, ვფიქრობ, ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს.

მეორე – კომპანიაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას დაერთო ბორჯომის თანამშრომლების საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვენ. ეს მაშინ, როდესაც მათი ხელფასები სექტორში სხვასთან შედარებით თითქმის ორმაგია. სხვათა შორის ამას თავად პროტესტში მონაწილეებიც ვერ უარყოფენ, თუმცა მაინც მოითხოვენ პირობების მეტად გაუმჯობესებას.

მესამე – სხვადასხვა ინდუსტრიების შრომით პირობებს თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სექტორში გამორჩეულად კარგი პირობები ბორჯომის დასაქმებულებს აქვთ. მუშების, მტვირთავების, დამლაგებლების და სხვა მსგავსი პოზიციების დასაქმებულთა შემოსავალი ფიქსირებულად 1200 -1500-1600 ლარს შეადგენს.

მეოთხე – კომპანიაში ასევე დამკვიდრებულია მოცდენის დროს ანაზღაურების პრაქტიკა. ბორჯომის საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მოცდენის დროს ანაზღაურდეს ხელფასის ზუსტად იგივე მოცულობა, 100 პროცენტი. ესეიგი გამოდის, რომ დასაქმებულების ლოგიკით, მიუხედავად იმისა, მუშაობ თუ არა, ანაზღაურება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაერიცხოთ. ვფიქრობ, ამ ნაწილში, პროტესტის შინაარსი არც ლოგიკურია და არც სამართლიანი.

მეხუთე- კრიზისის დროს, დასაქმებულებს ბორჯომმა შესთავაზა მოცდენისას 50 პროცენტიანი სახელფასო პირობა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცდენის ანაზღაურების პრაქტიკა აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში, თუმცა მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც არ შესრულებულ სამუშაოში იმდენივეს იხდიდნენ, რასაც შესრულებულში. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მოცდენის 100%-იანი ანაზღაურების მოდელი პრაქტიკაში არ არსებობს.

როგორც უკვე ვთქვი, მშრომელი ადამიანის პროტესტი – ბუნებრივია იწვევს სოლიდარობის განცდას, თუნდაც ისედაც კარგი პირობების შემდგომ გაუმჯობესებას ითხოვდეს. ამასთანავე, ბორჯომელები იმასაც ამბობენ, რომ ბორჯომში დასაქმება სანატრელია მათთვის, ვინც არანაკლებად შრომობს სხვა მსგავს კომპანიებში, რადგან ბორჯომში თანამშრომლებისთვის უკვე წლებია ყველაზე საუკეთესო სახელფასო და სოციალური პაკეტია შექმნილი.

ცხადია, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს, რამდენად სამართლიანი და დასაბუთებულია გამოთქმული პროტესტი. ვფიქრობ, დასაქმებულებმა კარგად უნდა გაიაზრონ პროტესტის შინაარსიც და აქციების მოსაწყობად შერჩეული დროც. ყველამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი ვითარება”, – წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები