1921 წლის თებერვალი – იუნკერების ბრძოლა კოჯრისთვის

„…20 თებერვალს, დილით ადრე, კოჯრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქართველთა შეტევის შეჩერების მიზნით მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებს შეუტია. გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს სკოლის სასწრაფოდ პოზიციებზე დაბრუნება უბრძანა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. N2 და N3 სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის იერიშს ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. სწორედ ამ დროს კაპიტანი შავდია იუნკრებს შეტევაზე წაუძღვა. სანგრები დაიბრუნეს. მოწინააღმდეგემ კიდევ ორჯერ მიიტანა იერიში ტაბახმელაზე, მაგრამ ქართველი მეომრები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ პოზიციებს. იმ დილით სკოლამ მოწინააღმდეგის სამი იერიში მოიგერია.

20 თებერვალს მოწინააღმდეგე მთელი ღამე უშედეგოდ უტევდა კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებას და მხოლოდ 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. მალე აღარსად ჩანდა მათი ქვეითი ჯარი.

21 თებერვალს ტაბახმელის პოზიციების გასამაგრებლად ამ უბანზე გაიგზავნა მაიორ დიმიტრი ჩრდილელის მთელი საარტილერიო ბატარეა და მაიორ მახარაძის საარტილერიო ბატარეის ნაწილი, ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის მეთაურობით.

22 თებერვალს შედარებითი სიმშვიდე იყო ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებაზე, თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ ლეიტენანტები ერისთავი და ანდრონიკაშვილი. პოლკოვნიკმა ჩხეიძემ ტაბახმელაში სანგრებში ერთმანეთში არეულად მდგომი სამხედრო სკოლის, 1-ლი, მე-5, მე-10 ათასეულებისა და გვარდიის ერთი ბატალიონის მებრძოლების შეძლებისდაგვარად მოწესრიგება მოახერხა. საღამოს პოზიციებზე კაპიტანი ყიფიანი ამოვიდა და თან რეზერვიდან მობილიზებული 50-60 ჯარისკაცი მოიყვანა.

23 თებერვალს მოწინააღმდეგემ რამდენიმე იერიში მიიტანა ტაბახმელის პოზიციებზე, მაგრამ ყველა მათგანი მოიგერიეს.

24 თებერვალს მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. მტერმა ქართველი იუნკრების წინააღმდეგ ბრძოლაში ბაქოს საბჭოთა სამხედრო სკოლის კურსანტები ჩააბა.

იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაციღა იყო დარჩენილი. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და ნაშუადღევს მტერმა №4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და თავისთან მყოფ იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.

აი, როგორ იგონებდა 24 თებერვლის ამბებს იუნკერი, შემდგომში კი საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე:
„მტერმა დილიდანვე გახსნა არტილერიის გახშირებული ცეცხლი. მათი ჭურვები მეორე და მესამე სანგრების აღმოსავლეთით სკდებოდა. ამ სანგრებს სკოლის ახლად გაწვეული ჯარისკაცების ორი გუნდი იცავდა, მაგრამ წინა დღეების ბრძოლების დამსწრე და უკვე ნაცადი ჯარისკაცები შეუდრეკლად იდგნენ თავიანთ ადგილზე. გათენებიდან დაღამებამდე სროლა და არტილერიის გრიალი არ შეწყვეტილა, იერიშები და კონტრიერიშები რამდენჯერმე განმეორდა. რუსის ჯარის ნაწილები დაჟინებით ცდილობდნენ ტაბახმელას ხელში ჩაგდებას და ტფილისისაკენ გზის გაკაფვას. ხან ერთ სანგარს, ხან მეორეს გაშმაგებით შემოუტიეს, მაგრამ მოგერიებული იქნენ. საღამო ხანს მტერმა ახალი ძალებით მძლავრი იერიში მიიტანა მეოთხე სანგარზე, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში პირველი ათასეულის ნაწილები იცავდნენ. აქ მტერმა შეძლო ხიშტებით სანგრის აღება, შიგ ჩაიმალა, განაგრძო აღმოსავლეთისაკენ წინსვლა და თავი ამოყო სანგრიდან იმ გორაკის წინ, სადაც გოგი მესხიშვილის ორი სამთო ზარბაზანი იდგა. მტერი გაეშურა ხიშტებით მათ ასაღებად. გოგი მესხიშვილმა სწრაფად შემოიკრიბა მის გარშემო ზარბაზნების მსახური ჯარისკაცები, იძრო ხმალი და მედგრად შეუტია შემოსეულ მტერს, ჩეხავდა მარჯვნივ და მარცხნივ. ჩვენი პოზიციიდან უმწეოდ შევყურებდით ამ გულშემზარავ სურათს, მიშველება შეუძლებელი იყო ჩვენი ზარბაზნებით ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. უცებ ვაშას ყიჟინამ მოაღწია ჩვენამდე, ეს იყვნენ უკანასკნელ მაშველად ტაბახმელას ბაღებში შეფარებული იუნკერთა მწყობრები, რომლებიც ეკვეთნენ რუსებს სწორედ იმ წამში“.

იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე შეწყვიტეს იერიშები და უკან დაიხიეს.

„ბოლშევიკებმა ყველაფერი გადმოისროლეს ბრძოლაში: გამწარებულად და უშიშრად მოიწევდენ წინ და კვდებოდენ, მაგრამ ყველა მათი მქუხარედ მოვარდნილი ტალღა იმსხვრეოდა ტაბახმელის გმირთა მკერდზე ისე, როგორც ზღვის ტალღები პიტალო კლდეზე. დღე იქცა ისტორიულად, გადამწყვეტ ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვეთ. გამარჯვება იყო სრული“, _ წერდა ალექსანდრე ჩხეიძე ამ დღეზე.

24 თებერვალს, 20 საათზე, მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დატოვებისა და უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. მთავარსარდლის ბრძანების მიღების შემდეგ პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ შეკრიბა სკოლა და გამოიყვანა გზატკეცილზე. გენერალმა ანდრონიკაშვილმა გაატარა თავის წინ რაზმის ყველა ნაწილი და თვითონ წამოვიდა ჯარების უკანასკნელ ჯგუფთან ერთად. 25 თებერვლის დილის 9-10 საათისთვის სამხედრო სკოლამ, გენერალ ანდრონიკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა შენაერთებთან ერთად, მცხეთას მიაღწია.

19-24 თებერვლის ბრძოლების დროს დაიღუპა 9 იუნკერი : ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერიც: მაიორი არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე არსებული სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს (დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას).“


წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

ავტორი: მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები