შალვა პაპუაშვილი: გაუგებარია, ოპოზიციის მოწყობილი აურზაური, არანაირი ძველი და ახალი საკრებულო არ არსებობს, არსებობს მოქმედი საკრებულო

გაუგებარია, ოპოზიციის მოწყობილი აურზაური. არანაირი ძველი და ახალი საკრებულო არ არსებობს, არსებობს მოქმედი საკრებულო, 2017 წელს არჩეული საკრებულო, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვეულებრივად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებთან, ქალაქების ბიუჯეტის პროექტების დამტკიცების პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს მოქმედი წევრები ახორციელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე 2021 წლის მოწვევის საკრებულო შეიკრიბება და მათ სამართლებრივი უფლება აქვთ, მიიღონ ბიუჯეტი.

„რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცებას, გაუგებარია აურზაური, რომელიც ოპოზიციის მოწყობილია. არანაირი ძველი და ახალი საკრებულო არ არსებობს, არსებობს მოქმედი საკრებულო, 2017 წელს არჩეული საკრებულო, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვეულებრივად. ახორციელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე შეიკრიბება 2021 წლის მოწვევის საკრებულო. ამიტომ, მათ აქვთ სრული სამართლებრივი უფლება, მიიღონ ბიუჯეტი და ეს გახლავთ კიდევ ერთხელ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი და საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების. ჩარევა, და მათ შორის ვხედავთ, ჩვენი პარლამენტის დეპუტატებიც კი ერევიან ამ საკითხში, არ არის მართებული.

მეორე საკითხი, რაც ამ შემთხვევაში ისმის, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია – აღიარებენ ისინი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, თუ არ აღიარებენ. როცა სჭირდებათ, ისინი ახალ საკრებულოებზე საუბრობენ და მათ უფლებამოსილებაზე საკრებულოში, რომელიც 2021 წლის მოწვევის საკრებულოა, როცა მათ არ უნდათ, მაშინ საუბრობენ გაყალბებულ არჩევნებზე. ამიტომ, ამ მხრივაც ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. აქციების მიმდინარეობისას მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები