შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ამომრჩეველმა ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაგვიდასტურა თავისი ნდობის მანდატი

„ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე ტურში, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში, საშუალოდ 10%-იანი უპირატესობით, ჩვენმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთო ეროვნული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციაზე 93 000 ხმით მეტი მიიღო და ხმების საერთო რაოდენობის 55%-ით ეროვნულ დონეზეც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ქართველმა ამომრჩეველმა ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაგვიდასტურა თავისი ნდობის მანდატი. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი და თვითმმართველობის მეორე ტურის ღირებულებითი არჩევანი. საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი. მადლობა ყველა მხარდამჭერს“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები