ინდურ-ქართული ერთობა IGRC ლეჩხუმში შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტებით დაეხმარა

ინდურ-ქართული ერთობა IGRC ლეჩხუმში მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პაკეტებით დაეხმარა.

Founder Igrc Georgia -ინდო-ქართული წარმომადგენლობითი საბჭო ერთი წელია საქართველოში პანდემიის დროს დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება. ამჯერად, ინდო-ქართულმა ერთობამ ცაგერის მუნიციპალიტეტში 20 შეჭირვებულ ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგინური საშუალებები ადგილზე ჩაუტანა.

IGRC-ის დამფუძნებელი შივამ შარმა, ერთობის მენეჯერი ანჟელა მიმინოშვილი, ინდოელი ახალგაზრდა მოხალისეები ლეჩხუმის სოფლებს – ბარდნალას, წიფერჩის, ჩხუტელსა და ორბელს ესტუმრნენ და ჰუმანიტარული დახმარება მოსახლეობას პირადად გადასცეს.

როგორც საბჭოს წარმომადგენლები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, მსგავსი აქტივობა არ იქნება ერთჯერადი, აქცია ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი გაერთიანდეს ამ დიდი იდეის გარშემო. შარშან თებერვლიდან ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში 3.000 მდე შეჭირვებულ ოჯახს დავეხმარეთ, ეს არ იქნება ერთჯერადი, ვაპირებთ ჰუმანიტარული მისიით აღმოსავლეთ საქართველოში გადავინაცვლოთ“,-განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა შივამ შარვამ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის თემის წარმომადგენელი ბადრი სილაგაძე მადლიერებას გამოთქვამს მრავალშვილიანი და შეჭირვებული ადამიანების დახმარებისათვის.

„მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ პანდემიისა და ლოქდაუნის პირობებში ასეთი მასშტაბური აქცია განახორციელეს და ადამიანები გაახარეს“, – განაცხადა ბადრი სილაგაძემ.

დახმარების სიაში მყოფი მრავალშვილიანი დედა ირინა ჩაჩანიძე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, თვლის, რომ ასეთი აქციები მის ოჯახს ყოველდღიურობას უმსუბუქებს.

”მადლობა ინდურ-ქართულ ერთობას, რომ ასე გაგვახარეს და დაგვეხმარნენ“, – თქვა ირინა ჩაჩანიძეს.

ცნობისთვის, ინდო-ქართული ერთობა პანდეემის პერიოდში 3000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები