სასუნთქი აპარატის ახალი მოდელი – ზესტაფონელი სტუდენტის გამოგონება

ზესტაფონელმა სტუდენტმა ლევან დათიაშვილმა სუნთქვის აპარატის ახალი მოდელი შექმნა. სასუნთქი მოწყობილობის შექმნის იდეა, კორონავირუსის მძიმე ვითარებამ გადააწყვეტინა. ბევრი ფიქრისა და ადამიანების დახმარების მოტივით, მან შეძლო მოწყობილობის შექმნა, რომლითაც პაციენტი ისუნთქებს. ლევან დათიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. პანდემიის გამოცხადებიდან ის ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც მედიკოსებს კორონავირუსის მართვაში ეხმარება.

ლევან დათიაშვილი “რეგიონულ კვირას” ესაუბრა და იდეის განხორციელების შესახებ უამბო.

ლევან, გვიამბე შენს შესახებ და მოგვიყევი როგორ გაჩნდა იდეა სასუნთქი აპარატის ახალი მოდელის შესაქმლენად?
– მედიცინის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ვარ მე-6 კურსის სტუდენტი. ასევე ვმუშაობ უნივერსიტეტში, კლინიკური უნარების ლაბორატორიაში, სპეციალისტად. პანდემიის გამოცხადებიდან გამიჩნდა სურვილი მედიკოსებს ვირუსის მართვაში დავხმარებოდი. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება და მათთვის მცირედი დახმარებაა. დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ვხედავდი რა მდგომარეობაში იყვნენ პაციენტები, ვისაც სასუნთქი აპარატი სჭირდებოდათ და ამის რესურსი არ იყო. მსოფლიოში დეფიციტია სასუნთქ აპარატებზე.
ძალიან მძიმეა, როდესაც პაციენტს ვერ ეხმარები, ის კი შველას ითხოვს. დავიწყე ფიქრი ამ იდეის შესახებ, ორი კვირა მოვუნდი დაპროექტებას, მაკეტი ავაწყვე და გამართულია. ლაბორატორიაში დამზადების შემდეგ იქნება, ჩვეულებრივი სასუნთქი ხელსაწყო, რომელიც პაციენტს ჟანგბადით უზრუნველყოფს.

რა დრო და რესურსი დაგჭირდა Პროექტის მაკეტისთვის?
– მუყაოს მაკეტი რვა დღეში ავაწყვე, დასამზადებლად სახლში არსებული ნივთები გამოვიყენე.
იმედია პროექტის ლაბორატორიულად აწყობა არ დაგვჭირდება და ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა თუ ამის საჭიროება დადგება, მაკეტი არის და ძალიან მალე შეგვიძლია დავამზადოთ.

ხელსაწყოს შესახებ რომ გვითხრათ, რისგან შედგება და კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს ?
-ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოდელი სამი მოდულისგან შედგება, აირშემკუმშავი გოფრირებული კაბინისგან, ელექტროძრავისა და აირგამტარი ორსარქვლიანი ფილტრიანი სისტემისგან.
აპარატის საბოლოო ვერსიას ექნება ფუნქციები: სუნთქვის რითმის რეგულაცია, სასუნთქი მოცულობის პარამეტებისა და სასუნთქი სასიცოცხლო მოცულობის რეგულირება.

როგორ ფიქრობთ, მოიპოვებს თუ არა აღიარებას თქვენი მოდელი?
– არ ვიცი, იმედია, ამის საჭიროება არ იქნება.

მანამდე თუ გაგიკეთებიათ მსგავსი ხელსაწყო?
– ელექტრო ინჟინერია ბავშვობიდან მომწონდა და სულ ვაკეთებდი რაღაც ხელსაწყოებს. ადრე ავტომობილების სასარგებლო მოდელებით ვიყავი გატაცებული, რაც სამედიცინო სტუდენტი გავხდი მას შემდეგ ამის დრო არ მქონდა და იშვიათად თუ რამეს დავამზადებდი.

მედიცინის რომელი მიმართულება გაქვთ არჩეული, პანდემიამ ხომ არ შეცვალა თქვენი შეხედულებები?
-ქირურგობა მინდოდა და არ შემიცვლია შეხედულება. პანდემიამ სტუდენტის თვალით დანახულ ექიმებზე შემაცვლევინა შეხედულება და ახლა გვერდიდან ვუყურებდით ექიმებისა და პაციენტების ბრძოლას, მცირე წვლილი მეც შემაქვს.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე რომ გვიამბოთ..
– ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ. ინოვაციურ იდეაზე, თუმცა გასაჯაროებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

ანუკა ლიპარიშვილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები