3 შვილის ახალგაზრდა დედა და თვითნასწავლი ხელოვანი – ისტორია ახალციხიდან

დარეჯან ბალახაშვილი 34 წლისაა. მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ახალციხის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს. შუათანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამსახური არასოდეს ჰქონია. ერთ დღეს, როცა შვილებთან ერთად ინტერნეტის საშუალებით ნაძვის ხის სათამაშო საკუთარი ხელით გააკეთა, სწორედ ამ დროს გადაწყვიტა თავის ცხოვრებაში მხიარულება შეეტანა. როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა თავისუფალი დრო ხელნაკეთი სათამაშოების კეთებისთვის გამოეყენებინა და ამით საარსებო მინიმუმიც ეშოვა.
„ჩემი შუათანა შვილი თანდაყოლილი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით დაიბადა. 13 წლისაა და აქამდე სულ საავადმყოფოებში ვიყავით. ასე გავზარდე ჩემი მარიამი. სიმართლე რომ ვთქვათ, სხვა საკითხზე ფიქრის არც დრო მქონდა და არც განწყობა. ახლა კი უკვე ჩემი გოგონას მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და სახლში ვართ. რაც კორონა დაიწყო, პატარა შვილიც ბაღში ვეღარ დადის და დიდი ბიჭიც სულ ჩემს გვერდითაა. ამიტომ, ერთ დღესაც ახალი წლისთვის დავიწყეთ მზადება და აღმოვაჩინეთ, რომ ხელნაკეთი სათამაშოების დამზადება კარგად გამომდის. იქედან გამომდინარე, რომ სამსახური არასოდეს მქონია, გადავწყვიტე ჩემი ხელობა შემოსავლის წყაროდ მექცია“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ დარეჯანმა.
„პირველი სათამაშო უშნო, მეორე შედარებით კარგი და მესამე ძალიან ლამაზი გამოვიდა“- ასე იწყებს საუბარს სამი შვილის დედა მაშინ, როცა ვეკითხებით, თუ როგორ დაიწყო სათამაშოების კეთება. როგორც თავად 34 წლის დარეჯანი ამბობს, ყველაფერს ინტერნეტის დახმარებით ახერხებს.
„ პირველად ინტერნეტში ვუყურე რა და როგორ უნდა გამეკეთებინა და გამომივიდა. მერე ჩემი გაკეთებული ნივთები ჩემს ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნე და ძალიან დადებითი ემოციები მივიღე ხალხისგან. ყველა მეკითხებოდა შეკვეთებს ხომ არ იღებო და სწორედ აქედან დავიწყე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ჩემი სათამაშოები გამეყიდა და ამით ფულიც მეშოვა“,- ამბობს დარეჯან ბალახაშვილი.
სამი შვილის დედა საკუთარი ხელით დამზადებულ საახალწლო სათამაშოებს სოციალური ქსელების საშუალებით ყიდის. იმედი აქვს, რომ ერთ დღეს თავის დიდ ოცნებას აიხდენს და მისი შვილის, მარიამის სახელობის ბავშვთა ცენტრს გახსნის.

უფრო ვრცლად ნახეთ „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები