“ქართული არომატი“ – ჩაის სოციალური საწარმო ლანჩხუთში მრავალწლიანი ისტორიით

მეწარმე მიხეილ ცინცაძე წლების განმავლობაში ჩაის აწარმოებდა, ჩაის წარმოების ტექნოლოგიები ზედმიწევნით სწორად იცის და თავისი დაფუძნებული საწარმოც მისი მრავალწლიანი შრომის შედეგია. „ქართულ არომატს“ ამ დროისთვის. ცხრა სახეობის ჩაის წარმოება შეუძლია.
„საწარმო „არომატი 91“ 1991 წელს დავაფუძნე და ამ ხნის განმავლობაში ვავითარებდი. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა წლებში დავაგროვე ჩაის ტექნოლოგიის კუთხით გამოცდილება. თურქეთში, დუბაიში – ყველა ქვეყანაში ვაზიარებდი ჩემს ცოდნასა და ჩაის ტექნოლოგიების დანერგვას ვუწყობდი ხელს. ამ ხნის განმავლობაში დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით, შევძელი ის, რომ დღესდღეობით საწარმოს შეუძლია ცხრა სახეობის პროდუქტის წარმოება. ზოგი პროდუქტის წარმოება საქართველოში ფიზიკურად არ ხდება. ასეთი არის, ჩაი ლიმონში, ამ პროდუქტს მომხმარებელი არ იცნობს და გვიჭირს, რომ გავაცნოთ. ამ ყველაფრის განვითარებაში პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი“, – ამბობს მიხეილი.
„ქართულ არომატში“ დამზადებული პროდუქცია ძირითადად, მაღაზიებში არის რეალიზაციაზე. პანდემიის დროს, საწარმოს დროებით მუშაობის შეწყვეტა მოუწია. მიხეილმა და მისმა ოჯახმა ამ გამოწვევასაც აუწყო ფეხი და ალტერნატივად ჩირის წარმოება გადაწყვიტა. „ქართულ არომატში“ ნაწარმოები ჩირი, ისევე როგორც ჩაის, ნატურალურია, ყველანაირი მინარევების და მავნე ნივთიერებების გარეშე.
„ამ პერიოდში, როცა დრო როცა გამოვნახე, ჩირის წარმოება დავიწყეთ. გვაქვს დანადგარი, რომელზეც მიიღება მხოლოდ ნატურალური პროდუქტი, ყველანაირი მინარევების გარეშე. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცნობადობა არ გვაქვს ბაზარზე.
ყველაზე მეტად, რაც ხელს გვიშლის არის ის, რომ ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ გოგირდის დიოქსიდით დამუშავებული ჩირი.
ჩვენი საწარმო მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს, როგორც ჩაის, ისე ჩირს“, – გვიყვება მიხეილი.
„ქართული არომატი“ საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე საწარმოა, სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში მას დიდი რაოდენობის პროდუქტის გადამუშავება შეუძლია. საწარმოში 150-მდე ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი. „ქართული არომატის“ ერთ -ერთი გამორჩეული პროდუქტია გრანულებიანი ჩაი, რომელიც საქართველოში მხოლოდ აქ იწარმოება.
„საწარმო საკმაოდ წარმადია, თვეში მას შეუძლია 50 – 60 ტონა ხარისხიანი ჩაი გადაამუშაოს. ადგილზე მხოლოდ ამისთვის 30 მუშახელი გვჭირდება, მთლიანად 150 ადამიანის დასაქმება შეუძლია. განვითარებისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, იაფ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა არის პრობლემა.
გრანულებიანი ჩაის ტექნოლოგია, საქართველოში 1997 წელს დაინერგა. თავიდან ხობში იყო, შემდეგ ლანჩხუთში. ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავდა. შემდეგ ეს ტექნოლოგია საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანეს, დანადგარი მხოლოდ მე შემომრჩა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მხოლოდ მე ვაწარმოებ გრანულებიან ჩაის. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ითქვას, ეს არის უნარჩენო წარმოება. ნედლეული მთლიანად ათვისებულია. ეს ჩაი, მაღალი ხარისხის არის, რასაც ჩვენ ვამზადებთ“, – ამბობს მიხეილი.
მიხეილს გვერდით თავისი მეუღლე, ნათია იმნაიშვილი უდგას. საწარმოო საქმეებში ისიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. საკუთარი ხელით ამუშავებს, აფასოებს, წონის და ეტიკეტირებას უკეთებს პროდუქციას, დამხმარეებთან ერთად. მათი მთავარი მიზანი, ბაზარზე ქართული, ნატურალური პროდუქციის წარმოჩენაა.
„გამშრალი ჩაი შემოდის აქ, ვაფასოებთ, დამხმარეებიც გვყავს, აქ ხდება ყველაფრის გაკეთება. ვაკეთებთ ეტიკეტირებას, წონაშიც ვცდილობთ, რომ მეტი იყოს და არ მივაკლოთ მომხმარებელს, საკუთარი ხელით. ტურისტებსაც ძალიან მოსწონთ. ყურადღება გავამახვილეთ პროდუქტის წარმომავლობაზე და მაღაზიის დახლებზე მოხვედრის შემდეგ გვინდა, რომ ნათლად ჩანდეს, ჩვენი პროდუქცია არის ქართული. მომხმარებელს მოვუწოდებთ, რომ შეიძინონ ქართული პროდუქცია“, – ამბობს ნათია იმნაიშვილი, მეწარმე.
„ქართული არომატი“, ძალიან მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. ამჟამად, საწარმოს ტერიტორიაზე სადეგუსტაციო სივრცე შენდება, სადაც ტურისტებისთვის შესაძლებელი იქნება, ყველანაირი პროდუქტი, ადგილზე დააგემოვნონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები