“სამეგრელოში მაგათი ამბავი დამთავრებულია” – გიორგი გამსახურდია ოპოზიციას პასუხობს

ცრუ ბრალდებებს, რომელიც, ბოლო პერიოდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის მიმართ ოპოზიციამ გააჟღერა, გიორგი გამსახურდია “რეგიონულ კვირასთან” პასუხობს. ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი სამეგრელოში ყოფნა ბევრს ყელში აქვს გაჩხერილი და ესმის მათი წუხილის.
გამსახურდია განმარტავს, რომ ოპოზიციისა და მისი რუპორი არხების დეზინფორმაციაზე მკვეთრი პოზიცია აქვს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მათ, ვინც სამეგრელოში ე.წ. კონსპირაციული შტაბების მოწყობასა თუ ბეჟან გვაზავას “დავერბოვკებაში” ადანაშაულებს, პასუხს ამომრჩეველი რამდენიმე დღეში, არჩევნებზე გასცემს.
“ვინმე ქალბატონმა წითლიძემ ჯერ საიდუმლო შტაბების მოწყობაში დამადანაშაულა და ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა დაიწყო… არაფერს ვმალავ, ეს არის აბსოლუტურად ღია. მათი სიის ტოპ ათეულისგან განსხვავებით, ჩემს გვერდში არიან ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, ისტორიის ნათელ მხარეს იდგნენ, ეს ხალხი ისედაც სულ იყო ჩართული ამ პროცესებში და დღესაც ჩართულები არიან. დასამალი არაფერი მაქვს, თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, შეუძლიათ მოვიდნენ და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს.
ის რაც იკადრეს, მამაჩემის მომხრეების აუგად მოხსენიება და მათი შეფასებები, არაადეკვატურია.
გასაგებია, რომ ესენი არიან პუტჩისტები და მათი იდეური მემკვიდრეები, ეს ოპოზიციის სიის პრეზენტაციისას თვალნათლივ ჩანდა… როდესაც ბუბა კიკაბიძეა მათი სიის პირველი ნომერი, როდესაც ჟორიკა რურუა გმირად გამოჰყავთ, როდესაც ირინა სარიშვილია მათი ერთ-ერთი რუპორი, თავად ეუბნები საზოგადოებას, საით დგახარ! ზვიად გამსახურდიას მიმართ ვინც ოდნავ სიმპათიით არის განწყობილი, ამ სისხლიან პარტიას, “ნაციონალებს”, გამორიცხულია მხარი დაუჭიროს და ეს თავადაც კარგად იციან!
სადამდეც მე ვარ და სადაც მე მეთქმის ჩემი მეგობრებისთვის ერთი-ორი სიტყვა და ამ მეგობრებში მამაჩემის ერთგულ მხარდამჭერებს ვგულისხმობ, მათი წარმატება იქნება ნულზე ქვემოთ და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების რაოდენობა სამეგრელოსა და ზოგადად საქართველოში პროცენტულად დიდია!
მე აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრამდე აქ ვიყავი, მერე წავედი და ახლა ისევ შვებულებით აქ ვიმყოფებოდი. მათი ფანტაზია შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს, მაგრამ ამას ჩვენ ხომ არ ავყვებით… ეს ყველაფერი 3-4 დღეში დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ამბობს გიორგი გამსახურდია.
ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს „ეროვნული მოძრაობის” ერთ–ერთი წევრი, ვახტანგ ზარანდიაც გამოეხმაურა. ის დარწმუნებულია, რომ „საქართველოს ბანკში“ განხორცილებელი მოვლენების უკან სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” დგას.
“ნაციონალები” ყველაფერს კადრულობენ, არ გვიკვირს მათგან…მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რადგან სხვა გზა არ აქვთ. ვინც ნორმალურად აზროვნებს, ყველა მიხვდება, რომ თავდასხმის სრული სცენარი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული იყო. დიდი რაღაც ჰქონდათ ჩადებული ამ ყველაფერში, მაგრამ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სისხლი არ დაღვრილიყო. რის გამოც “ნაციონალებს” თავიანთი ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ…იმ დღეს, როდესაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, საკუთარი ავტომობილით გადავადგილდებოდი, “ნაციონალებს” დაახლოებით, 500-მდე ავტომობილი ჰყავდათ მობილიზებული, ელოდებოდნენ, თუ რაიმე მოხდებოდა, ყველაფერს გადაუვლიდნენ…ეს იყო მათი მიზანი“– ამბობს ზარანდია.
დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს ოპოზიციურ არხებს „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრიც. გია მესხიას განცხადებით, ნიკა გვარამიას არა აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას ოჯახი და „ეროვნული მოძრაობის“ წევრები აუგად მოიხსენიოს
“პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ვინც ერთგულად ვაგრძელებთ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებს, ვინ უნდა გამოგვიყენოს? გიორგის არ აქვს უფლება, ჩვენთან, ზუგდიდში ჩამოვიდეს,? ვერ ვხდები, გვარამია რას ხედავს ცუდს იმაში, რომ გიორგის აქვს ჩვენთან ურთიერთობა? დეზინფორმატორების ტელევიზიაა ეგ და დღესაც ასე აგრძელებენ.
რაც შეეხება ყაჩაღობის ფაქტს, რა თქმა უნდა, ცუდია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყვა, რაც ხელისუფლების დამსახურებაა”, – აცხადებს გია მესხია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები