“ჩხარი-ქალაქი, რომელიც სოფლად იქცა, ან სოფელი რომელიც ერთ დროს ქალაქი იყო”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის შესახებ წერს.

“ყოველთვის მაინტერესებდა თერჯოლის რაიონის სოფელი ჩხარი. რადგანაც არც მეტი არც ნაკლები ჩხარი თავად გახლდათ თურმე ადმინისტრაციული ცენტრი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თერჯოლა საერთოდ არ არსებობდა. საინტერესო იყო ჩემთვის მენახა ქალაქი, რომელიც სოფლად იქცა, ან სოფელი რომელიც ერთ დროს ქალაქი იყო.
ჩხარზე ჯერ კიდევ ბაბუაჩემი, დავით კლდიაშვილი მიყვებოდა (მწერალსა და დრამატურგ დავით კლდიაშვილს არ ვგულისხმობ. ის დავითი ჩვენი წინაპარი იყო და ბაბუაჩემი კი მისი შთამომავალი). წარმოშვებით დედით და მამით თერჯოლელს, ცხადია უნდა მცოდნოდა ჩხარი და მისი ისტორია.
დაბაში მეგზურობას დედით ჩხარელი, ჩემი მეგობარი შოთიკო გვიწევდა, რომელმაც თავის სახლში, ასევე კოლეგა გიდებთან , ლაშასთან და ხვიჩასთან ერთად მიმიპატიჟა.
ჩხარი შუაგულ იმერეთში მდებარეობს, ოკრიბა-არგვეთის ქედის მკვეთრად გამოყოფილ ოქონის გორის სამხრეთ ფერდობზე, მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ძევრულიდან აღმოსავლეთით მდინარე ჩხარამდე, სამხრეთით ემიჯნებოდა მდინარე ჩოლაბურს და მთელი ეს ტერიტორია ქმნიდა ერთ მთლიან ადმინისტრაციულ სივრცეს, რომელსაც „ჩხარის ქვეყანა“ ეწოდებოდა.
არც მეტი არც ნაკლები ჩხარზე გადიოდა მთავარი გზა, რის გამოც იქ დღემდე ცხოვრობენ სომხური წარმომავლობის სოვდაგრები. სწორედ მათი წყალობით გზა სავაჭრო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ გზაზე არის ნამყოფი რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსიც. ჩხარი რომ ძალიან ძველია ამას ხშირად ვხვდებით ქართულ ისტორიულ წყაროებში. დაბის ცენტრში არის მრავალ საუკუნოვანი წყარო, რომელზეც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „ჩხარს არს წყარო ორღარად წოდებული და ქებული“. წყარო აშენებულია გვიან ფეოდალურ ხანაში.
ჩხარს ამშვენებს ასევე უძველესი მონასტრები მე-8 საუკუნის წმინდა გიორგის და კიდევ უფრო ადრინდელი ოქონის ტაძარი. ეკლესიები უცვლელად არის შემორჩენილი სოფელში, რომლებიც შთამბეჭდავი სანახავია.
წმიდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა სხვადასხვა სიძველეები, რომელთაგან აღსანიშნავია წმიდა საბას კარედი (1780 წ.), წმინდა საბას შეჭედილი ხატი, წმინდა გიორგის ხატი ვერცხლის ფირფიტაზე, ასევე ოქროთი დაფერილი და ძვირფასი ქვებით შემკული სადგერ-ჩხარის მუხის ჯვარი. იგი ამჟამად დაცულია ხელოვნების მუზეუმში.
გარდა იმისა რომ სოფელი მულტი კულტურულ, ეროვნულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, ასევე ამაყობს თავიანთ კალთაში გაზრდილი სახელოვანი შვილებით. აქვე ცხოვრობდა გენერალი დავით ჯაბიძე, რომელსაც ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში რომ სამხედრო თვითმფრინავი დგას სწორედაც გენერალ ჯაბიძეს ეკუთვნოდა.
ასევე ჩხარში დაიბადა და გაიზარდა ცნობილი ქართველი ექიმი პეტრე შოთაძე. მისი სახელობის სამედიცინო სასწავლებელიც კი არსებობს თბილისში. შოთაძე იყო ქართული პედიატრიული სკოლის ერთ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რამდენიმე გამოგონების ავტორი და საქართველოს მედიცინის აკადემიის დამაარსებელი.
ჩხარიდან იყო ასევე ისტორიისგან უსამართლოდ დავიწყებული რუბენ აუშტროვი, რომელიც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო. აუშტროვი საქართველოს მთავრობასთან ერთად წავიდა ფრანგულ ემიგრაციაში და ლევილშია დაკრძალული.
მთელი დღე დავყავით ჩხარში. მოვიხიბლე მისი წარსულის დიდებით და ბუნებით, როლის ერთი მხარე იმერეთის დაბლობის პანორამული ხედებით იშლება, ხოლო მეორე ხედი იმერულ ვარძიად წოდებულ ძევრის მთაზეა. დღის ბოლოს კი სასიამოვნო იმერული ღვინოები დავაგემოვნეთ და ტრადიციულ გასტრონომიასაც დავეწაფედ.
მოკლედ ყველას გირჩევთ ეწვიეთ ისტორიულ ჩხარს, რომელიც ახლა სოფელია. მაგრამ გაგაოცებთ როცა ამ სოფელში უზარმაზარ თეატრს, მუზეუმს და საცურაო აუზის ნაშთებსაც ნახავთ”,- წერს ლიკლიკაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები