“ჩვენი კლინიკა კორონავირუსს 45:0 უგებს”- გაიცანით ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი

40 წელზე მეტია, რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, არაერთ ქარტეხილს გადაუვლია, თუმცა ბრძოლის უნარი არ დაუკარგავს.  თემურ ნადირაძისთვის ექიმობა  ცხოვრების არჩევანია, რის გამოც  ყველა გამოწვევას ოლიმპიური სიმშვიდით უმკლავდება.

“რეგიონული კვირა” ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარ ექიმს – თემურ ნადირაძეს გაგაცნობთ.

დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა მე-2 საშუალო სკოლა, იმავე წელს მოეწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიის განხრით. მამა ლიტერატურის სპეციალისტი იყო, დედა ექიმ-პედიატრი. თემურმა არჩევანი მედიცინაზე გააკეთა, რადგან უფრო გავლენიან პროფესიად მიიჩნია. ამბობს, რომ სტუდენტობის პერიოდში აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა. იყო საქართველოს ნაკრების წევრი ხელბურთში, სადაც არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. თუმცა სპორტულ ცხოვრებას მისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია და  1976 წელს, უკვე ექიმის სტატუსით ქუთაისში დაბრუნდა.

ახალგაზრდა ექიმმა მუშაობა ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში, ბავშვთა ქირურგად დაიწყო, სადაც 13 წელი გაატარა.  აქვე გაიცნო მომავალი მეუღლეც – ბავშვთა ექოსკოპისტი, ექიმი ,თამარ ჩხეიძე, რომელთანაც 42 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს. მედიკოსებს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ.

ინფექციურის მთავარი ექიმი განვლილ პროფესიულ ცხოვრებას ღიმილით იხსენებს. ამბობს, რომ ურთულესი წლები გაიარა, რადგან იმ დროინდელ სამედიცინო სფეროში, ექიმებს სამედიცინო მომსახურეობის გასაწევად, ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდათ .

„ურთულესი პერიოდი გავიარეთ. უშუქობა, ოპერაციები ანესთეზიოლოგების გარეშე, ელემენტარულად ჟანგბადიც კი რთულად მოსაძიებელი იყო. დღევანდელი გადასახედიდან, იმ გარემოში, ოპერაციის ჩატარება ალბათ შემეშინდებოდა“,- უყვება “რეგიონულ კვირას” ნადირაძე.

13 წლიანი დაძაბული და რთული საქმიანობის შემდეგ  ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2014-2017 წლებში საკრებულოს წევრი გახდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას კურირებდა. 2017 წლიდან დღემდე ქუთაისის ახალ ინფექციურში კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ მთავარ ექიმად მუშაობს.

უამრავი სირთულის გადალახვის შემდეგ, ახლა უცნობ ვირუსთან Covid-19  უწევს ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ  დაინფიცირების სარისკო ჯგუფში შედიოდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარი არ თქვა და  გუნდთან ერთად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

„ორი აზრი არ იყო, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პირველები, ვინც შევებრძოლებოდით კორონავირუსს.   დასავლეთ საქართველოში პირველი დარტყმის აღება „ლჯ და კომპანიიის“ გუნდს მოუწია და ეს ალბათ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საამაყო. ალბათ, ჩვენც შევალთ ისტორიაში”,–  გვიყვება ნადირაძე.

ამბობს, რომ კლინიკა კორონავირუსს 45:0 უგებს,  რადგან მათ ანგარიშზე 45 გამოჯანმრთელებული  და არცერთი გარდაცვლილი პაციენტია. კლინიკის მთავარი ექიმი, ამ შედეგს მედპერსონალის პროფესიონალიზმს უკავშირებს და მამაცობისთვისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობს უხდის.

68 წლის ექიმისთვის ახლა საოცნებო პირბადის და ეკიპირების გარეშე სიარული და ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაა, რადგან ცარიელი ქუჩებისა და უფერული ქალაქის დანახვა აღარ სურს.

 

ანუკა ლიპარიშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები