ალექსანდრე კობაიძე: საქმის მასალებით სპორტსმენების ბრალეულობა არსად დასტურდება
მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბრალდებები და თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა, ისიც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების – არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მცხეთის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა.
ამასთან, კობაიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთი სპორტსმენის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მივიღეთ ძალიან ცუდი რაღაც, რომ, აი, ამ უბედურებას კიდე 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებს შეძლებისდაგვარად დაცვის მხარე გაეცნო და მასში არსად დასტურდება ბრალეულობა, არსად დასტურდება იმ მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბრალდებები და თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა, ისიც უსაფუძვლოა. იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არცერთ სპორტცმენზე არ გამოიყენებს, ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე არ იქნება პოლიტიზირებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. ამას მოვუწოდებ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმის ჩვენება, რომელიც არის ბატონი გურუსი (ამირხანაშვილი) საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც ტოიოტა კამრის მანქანაში ისხდნენ. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რატომ წაუყენეს ეს ბრალდება. რამოდენიმეჯერ, რომ შეცვალა ჩვენება (ამირხანაშვილმა) დააზუსტა და ბოლოს იძახის, რომ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანი იძახის, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. და რა რჩებათ მაშინ, ექვსი ადამიანი, რომლებიც იძახიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მოწმე, რომელიც იძახის დანაშაული მასზე არ განუხორციელებიათ. თურმე ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას რითი დაამტკიცებენ ძალიან საინტერესოა. შინაარსობრივ მხარეზე, რომ გადავალთ ამას ვერაფრით დაამტკიცებენ. ძალადობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ ვმონაწილეობთ ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ბატონი გურო თურმე გავიტაცეთ, რაც არის მონსენსი და დადგებილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით, მაგრამ მათი განზრახვა არ იყო ვინმეს ცემა, მუქარა და მათი განზრახვა იყო კეთილი, რადგან გუროს თხოვნით ჩავისვით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით. ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც ტოიოტა კამრში სხედან ადამიანები ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მიზდევს? მანქანა ხიდის ქვეშ არ ჩასულა, მხოლოდ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც გურო ჩაისვეს და თბილისისკენ წავიდნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
საქართველოს პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ყველა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ედებათ.
ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.