“სოფელში არაერთ ოჯახს შემოსავლის წყარო გაუჩინა”- თბილისიდან საირმეში დაბრუნებული მეღვინის დიდი გეგმები

სოფელი საირმე ცაგერის მუნიციპალიტეტის ულამაზესი დასახლებაა, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და ზღვის დონიდან 760 მეტრზეა განთავსებული. საირმის სვეტები ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რომელსაც  ტურისტები ხშირად სტუმრობენ. მართალია მიგრაცია ამ სოფელსაც დაეტყო, მაგრამ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულმა პროგრამებმა თუ პროექტებმა, სოფლიდან დიდი ხნის წინ წასული ადამიანების უკან მობრუნების შანსი გააჩინა.

ჯიმშერ ფრუიძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საირმეში თბილისიდან დაბრუნდა, დიდ ფართობზე ვენახი გააშენა და ღვინის ბიზნესი წამოიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” დამწყები ფერმერი უყვება, მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთან ერთად 5 ჰექტარი ისეთი ტერიტორია იყიდა, სადაც ადრე შესანიშნავი ვენახები იყო გაშენებული – „ადრე აქ საუცხოო ვენახები იყო, მერე ყანებად დაირიგეს, როცა სოფლიდან ადამიანები ქალაქში გაიქცნენ, ამ ადგილებს ეკალ-ბარდებმა და ტყემ გადაუარა“.  

ტერიტორიის ოფიციალურად დარეგისტრირებას, ადგილის გასუფთავებას და სავენახედ გამზადებას  კოლოსალური შრომა დასჭირდა. თუმცა სოფელი გვერდში დაუდგა და ერთად  ყველაფერი  შეძლეს. ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი გეგმები აქვს – „ძირითადად გადაშენების პირას მყოფი ვაზი დავრგეთ-„მუჯურეთული“, „ალექსანდროული „ და „უსახელოური“. 3400 ძირი უკვე დარგულია და 1600 ძირის დარგვას უახლოეს დღეებში ვაპირებთ. სულ 5000 ძირის გაშენება გვინდა , სახელმწიფო პროგრამა ძალიან წამადგა – „დანერგე მომავალის“ ფარგლებში,  ნერგისა და წვეთოვანი სისტემის ხარჯების დაფინანსება მოვიპოვე “,-გვეუბნება ჯიმშერ ფრუიძე.

ცოტა ხნის წინ, დამწყებ ფერმერს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ეწვია და ბიოღვინის წარმოებაზე შეთანხმდნენ –„ძალიან ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული ბიოღვინის წარმოება, მაგრამ ვნახოთ,როგორ შევძლებ, თუ საქმე სიყვარულით არ აკეთე, არაფერი გამოგივა“,-ამბობს მევენახე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯიმშერ ფრუიძე სოფელს მშველელად გამოუჩნდა. მან წამოწყებულ სამუშაოზე 10 თანასოფლელი დაასაქმა და ყოველდღიურად 25 ლარს უხდის.

დამწყებ ბიზნესმენს დადებითად ახასიათებს მერიის წარმომადგენელი საირმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ნატო ბურჯალიანი – „ჯიმშერი აქ დაიბადა და გაიზარდა, კარგი ოჯახი ჰყავს თბილისში, მაგრამ მან სოფელს მოაშურა და ეს გრანდიოზული საქმე წამოიწყო. იყიდა ნავენახარი ადგილები, მიხვდა, რომ სწორედ აქედან  მიიღებდა მაღალხარისხიან ყურძენს , დაამზადებდა ნამდვილ ლეჩხუმურ ღვინოს და ეკონომიკასაც წინ წამოწევდა. თითქმის შეუძლებელი შეძლო, სახელმწიფო პროგრამა დაეხმარა, ვაზი იყიდა, სარწყავი მოაწყო“.

მისივე თქმით, ჯიმშერმა სოფელში არაერთი ოჯახი, რომელიც საირმიდან წასვლას აპირებდა,სოფელში დაამაგრა და  შემოსავლის წყარო გაუჩინა. თანასოფლელ მუშებს საკუთარი მანქანით ატარებს, საკვებით უზრუნველყოფს და საღამოს სახლებში არიგებს.

სოფლის რწმუნებული ბედნიერია, საირმეში ასეთი ადამიანის დაბრუნებით -“ ძალიან ბევრს ნიშნავს ჟიმშერისნაირი  ადამიანის ცხოვრება აქაურებისთვის , კეთილშობილი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია, ბევრი გაჭირვებულიც აკითხავს, ყველას ხელს უმართავს. ერთ მაგალითს გეტყვით და ამით დავამთავრებ მის შეფასებას – როცა ამ ადგილას ტყე გაიკაფა, საშეშედ დამზადებული მერქანი რამდენიმე ოჯახს საკუთარი მანქანით ჭიშკართან მიუტანა და ასე გამოაზამთრებინა “,- გვიყვება ნატო ბურჯალიანმა.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები