იმერეთში მიმდინარე წელს 2 745 პროექტი ხორციელდება
იმერეთში 2024 წელს 176 984 125 ლარის ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება თავისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ქალაქში აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე სამუშაოები კიდევ 6 ლოკაციაზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს.
ზალკალიანის თქმით, რეგიონში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.
,,ყველა პროექტი, რომელიც იმერეთში ხორციელდება მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. რეგიონში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. მონიტორინგის ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე გავეცანით სამშენებლო პროცესს და ადგილზე მოვისმინეთ ინფორმაცია ვადებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ. 2024 წელს იმერეთში სხვადასხვა მიმართულების 2 745 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, – აცხადებს ლევან ზალკალიანი.
მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა სამუშაოების შესყიდვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 3 000-ზე მეტი ადგილობრივი შეადგინა.