საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით რუსთავში აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები.

„ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილეს და ქართული დიპლომატიის ისტორიას, ცალკე საგამოფენო სივრცე – „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ მიეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას.

ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ.რუსთავში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყობა შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 14:00 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. სტუმართა საზეიმო განწყობაზე ასევე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი.

17:10 საათზე, ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. 17:30 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე დრამერების ჯგუფი „არტ ლაიფი“ წარდგება. საზეიმო ღონისძიებები კი ბენდი „გუფი ლენდის“ კონცერტით დასრულდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები