ქუთაისის მერი მოადგილესთან ერთად ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მალე დასრულდება ჯიბლაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გზის სავალი ნაწილი დაიფარა ორფენიანი ასფალტით, განახლდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა, შეიცვალა ჭის ხუფები. პროექტის ( ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია) ღირებულებაა 504800 ლარი. დასასრულს უახლოვდება მანდარიას ქუჩის რეაბილიტაცია. ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი განახლდა და მოპირკეთდა ეკლარის ქვით, განხორციელდა დაზიანებული სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს გზის საფარის განახლება. მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის 833 333 ლარია განსაზღვრული. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი მონოლითური კიბეები, რომელიც შეიმოსება ბაზალტის ფილებით, ხოლო ფასადი ეკლარის ქვით. კიბის უჯრედებში მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები გამწვანებით, განახლდება დეკორატიული ლამპიონები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა. 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარი დაიხარჯება.

ფასადების განახლება მიმდინარეობს ქალაქის სამ დიდ გამზირზე – რუსთაველის, ავტომშენებლის და ახალგაზრდობის ქუჩებზე. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მოიცავს კორპუსების ფასადების სრულად განახლებას, კარ-ფანჯრების და წყალშემკრები მილების შეცვლას, ფასადების განათებას.

„მიმდინარე წელს, ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 45 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. დღეს მოვინახულეთ ჯიბლაძის, მანდარიას და ბუკიას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 100 საფეხურიანი კიბის სარეკონსტრუქციო პროცესი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლების სამუშაოები რუსთაველის, ავტომშენებლის და ახალგაზრდობის გამზირებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტები დროულად დასრულდეს და შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეესაბამებოდეს არსებულ სტანდარტებს. ამ და სხვა პროექტების დასრულების შემდეგ ქუთაისს ბევრი განახლებული და ლამაზი ქუჩა, სკვერი და კორპუსი შეემატება”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტები სრიგპ-ის და რგპფ-ის მიერ არის დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები