ბაკურ ავსაჯანიშვილი: რეფერენდუმის იდეა დღემდე შეუცვლელი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, მისი შედეგების საფუძველზე კი – უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

სარეფერენდუმო კითხვას, თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, პასუხი – დიახ – 3 295 000 ადამიანმა დაადასტურა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა 99.8%-ს შეადგენდა.

ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით ჩატარდა.

რეფერენდუმიდან ცხრა დღეში, საქართველოს უზენაეს საბჭოზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დასრულების დღეს, რეფერენდუმის გამოცხადებას, ერისა და ზნეობის გადარჩენას, რომელშიც უდიდესია ზვიად გამსახურდიას როლი. 31 მარტი მისი დაბადების დღეა.

„ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი. ალბათ ესაა ბედისწერა, მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე”. – ამბობდა ზვიად გამსახურდია.

მართლაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე იყო პირველი პრეზიდენტის ცხოვრება და ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. განსაკუთრებულია მისი როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინების საქმეში.

რეფერენდუმის იდეა დღემდე შეუცვლელი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები