იაპონიის საელჩო საქართველოში ხელვაჩაურის, ქუთაისისა და ახალგორის მერიებს მძიმე ტექნიკას შეუძენს

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა სამ პროექტს, რომლებიც გულისხმობს ხელვაჩაურის, ქუთაისისა და ახალგორის (ფრეზეთის, წეროვანისა და წილკანის დევნილთა დასახლებები) მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისთვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის.

გრანტის საერთო მოცულობა არის 221,626 ამერიკული დოლარი.
მძიმე ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მ იმამურა აკირა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია; სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე; დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბ-ნი ბესარიონ სიმონიშვილი; ქუთაისის მერი, ბ-ნი იოსებ ხახალეიშვილი; ხელვაჩაურის მერი, ბ-ნი ზაზა დიასამიძე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბ-ნი ნუგზარ თინიკაშვილი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგი” გენერალური მდივანი, ქ-ნი ლანა თოთაძე.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 200 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები