EU4Culture ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სამი ქალაქი კულტურის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს

ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებენ. ინფორმაციას პროექტის ადგილობრივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქების დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა და პროექტის პარტნიორებმა ზუგდიდის, ფოთის და ქუთაისის მერებს საგრანტო სერტიფიკატები გადასცეს. ქალაქები სტრატეგიაზე მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.
კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან.
შერჩეული ქალაქები მიიღებენ 30,000 ევრომდე გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი მათგან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. დაფინანსებასთან ერთად პროექტი დაეხმარება ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
“მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტ EU4Culture-ს ფარგლებში ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი პირველად დაიწყებენ კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებას. ქალაქებისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პოტენციალი და შემდგომ განახორციელონ აქტივობები, რომლებიც დადებითად იმოქმედებს მათ მოსახლეობაზე. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურას, როგორც ქალაქების მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ძირითად ელემენტს, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის საჭიროების გათვალისწინებით.”
– აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები