ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სვეტიცხოვლობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაუქმდა

ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, წელს სვეტიცხოვლობა საზეიმოდ არ აღინიშნება. ამის შესახებ განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ გაავრცელა.

“კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვხატო ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში დატრიალდა. სრულიად საქართველო იზიარებს ამ დიდ ტკივილს. მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
ყოველი წლის 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველო მცხეთობა – სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, გაუქმდეს”,- ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაში.

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 14 ოქტომბერს საზეიმო წირვა  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

“14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00  საათიდან.

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები