ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურებს აგრძელებს.
ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის, სამოგზაურო და კულტურის ჟურნალის, Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს. ჟურნალი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს ამზადებს.
Calvert Journal-ის წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ, სადაც ომალო, ბოჭორნა, შენაქო, დიკლო და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს. ტურის განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტები გაეცნენ თუშეთის კულტურას, ტრადიციებს, თუშური კერძების მომზადების წესებს, დაათვალიერეს კოშკები, სალოცავები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, Calvert Journal-ის რედაქტორი თუშეთის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს.
„ბეჭდურ მედიას განსაკუთრებული როლი ენიჭება დიდი ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე, რადგან ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა სწორი საკომუნიკაციო არხებით პოზიციონირება მოვახდინოთ მიზნობრივ აუდიტორიებზე და კონკრეტული ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ. ამჟამად ვმასპინძლობთ ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის რედაქტორსა და ფოტოგრაფს, რომლებმაც თუშეთი დაათვალიერეს და შედეგად გვექნება ვრცელი სტატია ბრიტანელი პოტენციური მოგზაურებისთვის“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ბრიტანელი ჟურნალისტის ნადია ბერდის თქმით, საქართველოში ბევრს მოგზაურობს.
„თუშეთი ჩემი ფავორიტია. საქართველოში იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანი ადგილებია, რომ ძნელია რომელიმე გამოყო, თუმცა თუშეთი გამოირჩევა თავისი სილამაზით, სიშორით, საოცარი ბუნებით, ადგილობრივების წესებით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით. თუშეთამდე საკმაოდ გრძელი და ლამაზი გზაა, იქ ბევრი ხალხი არ ჩადის, ამიტომ ვფიქრობ, ეს ადგილი სრულიად უსაფრთხოა და მე რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს, რომ ეწვიონ საქართველოს და ამ რეგიონს“, – აცხადებს ნადია ბერდი.