“ვითხოვთ შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი” – ინვესტორისა და მმართველი კომპანიის განცხადება

ვითხოვთ შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი, სანამ საბოლოოდ არ შეექმნა საფრთხე შოვის კურორტის ერთიანი კონცეფციით განვითარებას. ამის შესახებ განცხადებას კურორტის ინვესტორი და მმართველი კომპანია ავრცელებს.
“2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიცავს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც უკავშირდება თითოეული რეგიონის პოტენციალის სწორად გამოყენებას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნამდვილად დროული, ღირებული და ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა და სწორი მიდგომაა, რაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება პოზიტიურად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეალური მხარდაჭერის არსებობა და პრობლემების კოორდინირებული მართვა.
ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი ვერ ხდება თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრიაციო ზონაში შედიან, რითაც საფრთხე ექმნება ერთიან განაშენიანებას. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს.
ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ მოხდება კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება, ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები