ხულოში სამოყვარულო ველომარათონი გაიმართა

ხულოში სამოყვარულო ველომარათონი გაიმართა. ველომოყვარულებმა სტარტი სოფელ ღორჯომიდან აიღეს და ქ.ბათუმის შესასვლელთან მახოს ხიდთან დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, მარათონში 15-მდე ველომოყვარული მონაწილეობდა, რომლებმაც 86 კილომეტრი გაიარეს.

“ღონისძიებაში მონაწილე პირველ ადგილზე გასულმა მონაწილე – ნუკრი დიასამიძემ, გასავლელი მანძილი 3 საათსა და 15 წუთზე დაფარა. მეორე ადგილის მფლობელი – ავთანდილ შავაძე გახდა, რომელიც ფინიშის ხაზთან 4 საათსა და 30 წუთზე მივიდა. აჩიკო შავაძე მესამე ადგილს დასჯერდა და მან გასავლელი მანძილი 5 საათზე დაფარა.

მარათონში მონაწილეებს ფინიშის ხაზთან ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე დახვდა, რომელმაც ველომოყვარულებს მარათონში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეების დაჯილდოება ბათუმის ბულვარში გაიმართა. I II და III ადგილზე გასულ ველომოყვარულებს მედლები, თასები, ფულადი პრიზები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ღონიძიების ყველაზე უხუცესი 72 წლის მონაწილე ზურაბ აბულაძე.

ღონისძიებას ორგანიზებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია უწევდა, რომელის მხარდაჭერებიც იყვნენ: ტურისტული კომპანია „იბერია“, ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაომარი“, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია „TIFA”, სასტუმროების ქსელი ,,ირეპალასი“ შპს ,,ალიგატორი“, შპს ,,აპოლო“, შპს ,დს დეველოპმენტი, მარკეტების ქსელი ,,ჩემი მარკეტი“. ასევე, კლინიკები: ,,დენტალ კლასს“, ,,აჭარა დენტალ ცენტრი“ და ,,ორალ კლასი“.

ღონისძიების მიზანი როგორც ღორჯომის ხეობის, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის პოპულარიზაციაა. ველომარათონის მიზანს ასევე, სპორტის ექსტრემალური სახეობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.

ხულოს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება უზრუნველყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები