ზურაბ ბრაგვაძე: დიდებულ საქმეს ეყრება ჭიათურაში საფუძველი, მადლობა “ჯორჯიან მანგანეზს”

ისტორიკოსი და არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე  “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას  ე.წ. ტრესტის შენობაში ადმინისტრაციული საქმიანობის შეწყვეტისა და მისი სოციალურ და საგანმანათლებლო დანიშნულების სივრცედ ჩამოყალიბების შესახებ სოცქსელში აფასებს.

“ის ფაქტი, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” ამ დიდებულ შენობას ჭიათურას გადასცემს და აქ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები ამოქმედდება, შეიძლება იწვევდეს მხოლოდ დადებით ემოციებს.
ეს ფაქტი თავისთავად უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში და ქველმოქმედების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქ სამუზეუმო სივრცეც იქნება, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს, როგორც ჭიათურის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ასევე-ამ ქალაქისა და სოფლების ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების დონის ამაღლებას.
მოკლედ, დიდებულ საქმეს ეყრება ჭიათურაში საფუძველი და იმედია, გაგრძელებაც ასეთივე დიდებული იქნება.
ვულოცავ ყველა ჭიათურელს და მადლობა “ჯორჯიან მანგანეზს” ამ ეროვნული საქმისთვის”,  – წერს ბრაგვაძე.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია:
სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია.

მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები