კისისხეველი ახალგაზრდა მეფუტკრე და ბიზნესად ქცეული ჰობი 

სოფო ტაბატაძე ახალგაზრდა მეფუტკრე ქალია, რომელმაც ქალაქის ხმაურს სოფელში ცხოვრება არჩია და საყვარელ საქმესაც სწორედ აქ მიაგნო. კისისხევის ერთ-ერთ პატარა უბანში, სოფო ყოველდღიურად 25-მდე სკას მზრუნველობით და დიდი ინტერესით უვლის.

ქალაქის ხმაურს ჯანსაღი გარემო არჩია და საცხოვრებლად მეუღლის სოფელში, კისისხევში დასახლდა, მოგვიანებით კი, როცა შვილისთვის ნატურალური პროდუქტების ძიებაში ჩაერთო, 2 ოჯახი ფუტკრის ყოლა გადაწყვიტა, რაც სამომავლოდ, ბიზნესად და ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია.

 

„თავდაპირველად იყო ბევრი გამოწვევა, რადგან პრაქტიკა არ გვქონდა, ანუ ყველა სირთულის და ნაბიჯის გადადგმა გვიწევდა დამოუკიდებლად, თუმცა ამ ფაქტმა ბევრი გამოცდილება შეგვძინა, ბევრიც შეცდომა დაგვაშვებინა, საბოლოოდ ბევრი რამ გვასწავლა“, – ამბობს სოფო “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას.

სოფო ტაბატაძე ფუტკრებს ძირითადად მეუღლესთან ერთად უვლის. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა წლების წინ, ჯერ კიდევ მხოლოდ თავად ზრუნავდა მათზე მაშინ ბევრი ფუტკარი დაეხოცა. როგორც ამბობს, ბევრიც ინერვიულა, თუმცა სწორედ ამ წარუმატებლობის შემდეგ დაისახა მიზნად ფუტკრების გამრავლება და ბიზნესის წამოწყებაც.

„ერთ წელიწადს საკმაოდ დიდი რაოდენობით დამეხოცა ფუტკარი და ეს ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდა ჩემთვის, მაშინ გადავწყვიტე, რომ სერიოზული სახე მიმეცა და უფრო გამემრავლებინა შეძლებისდაგვარად და შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მექცია“, – იხსენებს ახალგაზრდა მეფუტკრე.

გარდა თაფლისა, სოფომ ფუტკრის ცვილისგან ხელნაკეთი სუვენირების, ტრადიციული სასმისების, დეკორატიული სანთლების, კელაპტრების და თაფლის ალკოჰოლური სასმლის დამზადებაც დაიწყო. სოფოს თქმით, მისი ბიზნესით ძირითადად ტურისტები ინტერესდებიან და ხელნაკეთი ქვევრის ფორმის ჭურჭლით ღვინოსაც მეტად გემრიელად აგემოვნებენ.
„ყველა აღნიშნავს, რომ ჩემი დამზადებული სასმისით დალეულ ღვინოს სხვა გემო აქვს, განსაკუთრებით ტურისტები იხიბლებიან ქართული თემატიკის ცვილის ნივთებით.
სანთლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ შემექმნა რაღაც განსაკუთრებული და მოვიფიქრე მეწარმოებინა ქართული ტრადიციული ნივთები. ცვილის სასმისებით მირთმეული ღვინო და განსაკუთრებით საფერავი, უგემრიელესია და როდესაც ამბობენ, შენი დამზადებული სასმისით დავლიეთ ღვინო და სასწაული იყოო, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. ასევე ვაკეთებ კელაპტრებს, დეკორატიულ სანთლებს, ძირითადად ყურძნის თემატიკა ჭარბობს ხოლმე, იმიტომ რომ ღვინო და თაფლი არის ჩემი 2 ძირითადი უსაყვარლესი პროდუქტი”, – ამბობს მეფუტკრე.

სოფო ტაბატაძეს თავისი პროდუქცია სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაზე გააქვს, მონაწილეობა აქვს მიღებული  არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში, რომლებიც გამარჯვებით დაუსრულებია, ასევე არაერთი პრიზის მფლობელია მეფუტკრეობის დარგში. ამასთან სოფო კოოპერატივ „თაფლიანს“ ხელმძღვანელობს, რომელიც 2017 წელს დააფუძნა.

სალომე გრძელიშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები