ვინ იყო საქართველოში პირველი ქურდი, რომლითაც მედია დაინტერესდა
პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალსაც იმდროინდელი პრესა აქტიურად აშუქებდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა.
“ 25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს… გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის, ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, – წერდა ,,დროება” (1879 წ. #159).
რგორც გამოცემის მასალებიდან ირკვევა, ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი დამცემი ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა. გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ყაჩაღი – ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ.
“…ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის გზის-მჩვენებელსა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო”. ცოტა ხანში, ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა, იმის თაობაზე, რომ რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “…საწყალ ქობულეთელებს აბარებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო”. (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “…თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს”. კვალი 1896 # 32) შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს; მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები”. დროება 1879 წ. #191 ჭყონიას გვარმა პირველად, ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.
თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს. 1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს.
აყვანის ოპერაციას პრისტავი ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდა.
“…ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ გასათხოვარი ქალი. ამბობენ ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს… შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში”.
როგორც ირკვევა, ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”…ჭყონია არა ერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა ხან სატუსაღოდან და ხან გზიდგან”. დროება 1884 წ. # 70.
ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ყურადღებას ეგნატე ნინოშვილი ერთ წერილში ამახვილებს: ”…ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია”. – ეს ალბათ, კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან, არცთუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.
მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით გარდაცვლილიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში.
“…სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს, ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობელი და საზოგადოება შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი, მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.
ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს”, – აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე.
ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა:
“გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია… ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე ოცს მარტს, ასე რომ იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით.
მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბ ზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელ_დაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნ-აღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითანო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ დ აიმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს.
ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავსი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოც-და-ოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა.” დროება 1884 წ. # 73
ჭყონიას ვითომდა მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში, არცთუ უსაფუძვლოდ, ეჭვი იყო გაჩენილი, ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ჭირისუფალს მიცვალებული ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე გადასცეს დასამარხად, ანუ ამით საქმის მიჩუმათება უნდოდათ. თუ რა ბედი ეწია პოლიცის პრისტავს ჩიგოგიძეს და მის ამქრებს, უცნობია.
წყარო: gurianews.com