სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სესიებზე ქართული მხარის ჩართულობით რეგიონისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დებატები გაიმართა, აირჩიეს კონგრესის ახალი პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.
“აღსანიშნავია, რომ კონგრესის ფარგლებში, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი “პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში” („Patriots for Europe in Congress”) შეიქმნა. იგი ამ ეტაპზე 6 ქვეყნის – საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება. ვარლამ წიკლაური საქართველოს დელეგაციის წევრად 5 წლის ვადით არის არჩეული. ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
ჯგუფის მიზანია სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც აქტიურად იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ახალციხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, გარდაბნის, ზუგდიდის და ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.
