ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები ჩატარდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მსურველებმა რეგისტრაცია 11 მარტამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/3/ უნდა გაიარონ. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა (ბ2 დონე) და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ. ტრენინგის მონაწილეების შერჩევა გასაუბრების შედეგად მოხდება. სამთვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა მარტის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება.

“გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. ტრენინგის განმავლობაში ისინი ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორებიცაა ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმების, სასწავლო პროგრამისა და ჩატარების პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/3/,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები