გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები თევზჭერას ელექტრო იარაღის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 61 კგ თევზი.
“ელექტრო იარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს, შესაბამისად, ფაქტზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. ელექტრო იარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
რაც შეეხება ელექტრო იარაღით თევზჭერას, გასულ წელს ამ აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით,24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია,”- წერია ინფორმაციაში.
