ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა, 2026 წლისთვისაც ვინარჩუნებთ

რუსთავის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქი ინარჩუნებს ბიუჯეტის ზრდის დინამიკას, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა და 2026 წლის რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები 172 მლნ 631 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

„რუსთავის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა და ზრდის ტენდენციას, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა, კვლავ ვინარჩუნებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ წლის განმავლობაში რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებები კვლავ შევიდეს, რათა იმ პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცეს, რომლებიც ჩვენს ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მომდევნო დღეებში, რუსთავის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვა დაიწყება.

„საკრებულოში მერიიდან შემოვიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომდევნო დღეებში უკვე კომისიებში და ფრაქციებში დაიწყება განხილვა, რასაც კანონმდებლობა გვავალდებულებს. ჩვენი გუნდისთვის – საკრებულოსა და მერიისთვის, მთავარი ამოცანაა, რომ აღნიშნული პროექტი სრულად აკმაყოფილებდეს ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების საჭიროებებსა და მოთხოვნებს”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 80 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და პრიორიტეტები ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია, ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვითარება იქნება. გაგრძელდება უკვე დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: თბილისის, რუსთაველის მესხიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ძალიან მალე დაიწყება ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება მე-19 მიკრორაიონში და აღმაშენებლიდან ხანძთელის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე.

დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი, გრძელდება ახალი ლიფტების და კორპუსების კეთილმოწყობისთვის განსაზღვრული პროექტებიც. არსებულ 34 სოციალურ პროგრამას, ახალი მიმართულებები ემატება. იზრდება სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული პროექტებისთვის, განათლების ხელშეწყობისთვის და ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები