ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში, ტყის გაჯანსაღების მიზნით, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
მიმდინარე ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში, წინასწარი კვლევების საფუძველზე, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანიტარული ჭრების მთავარი მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში მოჭრილი და ტყიდან გატანილია ხმელი, მავნებლებით ან დაავადებებით ძლიერ დაზიანებული და სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე, საიდანაც მიღებული საშეშე მერქნული რესურსი, სოციალური მიზნით გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზამთრის სეზონისათვის სათბობად.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
