ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ვარლამ წიკლაური დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
ახალი ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების დირექტორებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა ყოფილ მერს ირაკლი ლაზარაშვილს და მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობით მომავალი ოთხი წელიც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
„კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისათვის, თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ძალიან დიდი მხარდაჭერა ნიშნავს, დიდ პასუხისმგებლობას და მოლოდინს, რომელიც მოსახლეობას აქვს ჩვენგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ საქმეზე ორიენტირებული და მაქსიმუმი გავაკეთოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის“ – განაცხადა შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა.
დღესვე, ვარლამ წიკლაურმა თანამშრომლებს მერის მოადგილეები წარუდგინა. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს რუბენ კარაპეტიანი, ასევე მერის ახალი მოადგილე იქნება ნოდარ ტატილაშვილი, რომელსაც საფინანსო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
