ნინო ლაცაბიძე: ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის ეკოლოგიური პროექტი – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება დავიწყეთ
რუსთავში, ჭალის ტყეების აღდგენა-განვითარების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ, რუსთავის ჭალის ტყეების ენდემური ფლორის აღდგენას და რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის – ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს” ფარგლებში, ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება და გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ტერიტორიის დასუფთავება და განაშენიანების პროცესისთვის მომზადება მიმდინარეობს.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ისტორიულია.
,,ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის ეკოლოგიური პროექტი – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება დავიწყეთ. ტერიტორია ამ ეტაპზე ნარჩენებისგან იწმინდება, რის შემდეგაც უკვე გეგმის სხვა ეტაპებზე გადავალთ”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. ჭალის ტყის განვითარების გეგემა 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 20 000 ენდემური მცენარე – მუხა, თელა და ფშატი დაირგვება; მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები; დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები; გაკეთდება წყლის გამწმენდი ბარიერები მდინარე მტკვრის მყარი ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
რუსთავის ჭალის ტყეები ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.