ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ინფორმაციას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ,,ლაშიჭალისკენ ” მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრას.

ადგილზე არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება. უწყვეტი ელექტრომომარაგებით სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტი, მათ შორის კურორტი ,,ლაშიჭალა”,-წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები